წულუკიანისა და „ოცნების“ მხრიდან გახარიას მიმართ თავდასხმა ემსახურება მის დისკრედიტაციას - დაუშვილი
„გახარიასი ეშინიათ და ცდილობენ მის დისკრედიტაციას,“ - ასე აფასებს პარტია „საქართველოს“ წევრი მიხეილ დაუშვილი კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს გავრცელებულ განცხადებას ფილმთან „იარე ლიზა“ დაკავშირებით.
დაუშვილი ამბობს, რომ წულუკიანის უწყების განცხადებაში გახარიას მოხსენიებით, ხელისუფლება ყოფილი პრემიერის დისკრედიტაციას ცდილობს.
თუ გახარიასთან მიმართებით ოდესმე რაიმე კითხვა არსებობდა, გახარია ყოველთვის ამ კითხვებს პასუხს სცემდა და სცემს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ მოქალაქეებს რაიმე კითხვა გაუჩნდება, ამაზე პასუხები იარსებებს, ეს იქნება ამომწურავი.
„ოცნება“ ხედავს, რომ დღეს თუ ვინმე არის მისი მოწინააღმდეგე და მთავარი მეტოქე და რეალური ოპოზიცია, ეს არის გახარია, ეშინიათ გახარიასი და ყველანაირად ცდილობენ მის დისკრედიტაციას. იმიტომ, რომ „ოცნებისთვის“ იდეალური მოცემულობა არის, რომ მას ჰყავდეს ერთადერთი მოწინააღმდეგე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით.
დღევანდელი თავდასხმა ქალბატონი წულუკიანისა და „ოცნების“ მხრიდან მთლიანად გახარიას მიმართ, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინონ,“ - ამბობს დაუშვილი.
კულტურის სამინისტრო დღეს თავის დაცვის მიზნით ამტკიცებდა, ფილმი „იარე ლიზა“, რომელსაც მოსახლეობაში უარყოფითი შეფასება მოჰყვა, დაფინანსდა 2019 წელს, როცა პრემიერი სწორედ გიორგი გახარია იყო.