ქობულეთში, საჯარო მოხელეებს ხელფასებს წინასწარ, ავანსის სახით ურიცხავდნენ
შპს "ქობულეთის წყლის" საქმიანობას პროკურატურა სწავლობს. TV25.GE-ის ინფორმაციით, თანამშრომლები ხელფასებს წინასწარ, ავანსის სახით იღებდნენ, საუბარია რამდენიმე დასაქმებულზე. საქმეში ფიგურირებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ბუღალტერი.
ფაქტს ადგილობრივ მედიას ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი უდასტურებს. ჯემალ მეგრელიძის თქმით, გამოძიებასთან თანამშრომლობს და დაკითხვაზეც რამდენჯერმე იმყოფებოდა.
"როცა მივედი სამსახურში აღმოჩნდა, რომ ხელფასების ავანსის სახით გაცემის პრაქტიკა იყო და მეც გავაგრძელე. ეს ჩემი მოგონილი არაა. როცა მოდის დასაქმებული და გეუბნება მიჭირს, ვერ ვეუბნებოდი უარს და ვურიცხავდი კუთვნილ ანაზღაურებას. მე ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ვაწვდი ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას," - გვითხრა ჯემალ მეგრელიძემ, შპს "ქობულეთის წყლის" ყოფილმა დირექტორმა, რომელიც ამ ეტაპზე "ქობულეთის სოფლის წყალში" აგრძელებს მუშაობას.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფაქტს ადასტურებს, ქობულეთის მერიაში TV25.GE-ს უთხრეს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ, შესაბამისად საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
TV25.GE-ის ინფორმაციით, პროკურატურის პარალელურად შპს "ქობულეთის წყლის" საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც სწავლობს.