პრეზიდენტის ვიზიტებმა ერთი ყოფითი სიბრძნე დაადასტურა, რომ არეული საქმიდან დალაგებული შედეგი ვერ გამოვა - პაპუაშვილი
"პრეზიდენტის ვიზიტებმა ერთი ყოფითი სიბრძნე დაადასტურა, რომ არეული საქმიდან დალაგებული შედეგი ვერ გამოვა," - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილს ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ლატვიელ კოლეგას შეხვდა, სანქციების საკითხი ამის შემდეგ გააქტიურდა.
პრეზიდენტი, საკუთარი უფლებამოსილების გარეშე, მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებში გაემგზავრა და საზოგადოებას ეუბნება, რომ თითქოს ამ ვიზიტებს მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ მხარდაჭერა მოიპოვოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა, შედეგებს ვხედავთ, რაც არის. ვნახეთ, რომ ლატვიის პრეზიდენტმა გამოაცოცხლა თემა, რომელიც დიდი ხანი დახურული იყო - სანქციების დაწესებაზე არც ერთი ქვეყანა, თუ ორგანიზაცია აღარ საუბრობდა, რომელიც ჩვენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ გვეუბნებოდა რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. პირიქით, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ სანქციის დაწესებას არავინ აღარ ითხოვდა და ჩვენს სისტემას აქებდნენ. პრეზიდენტმა თავისი შეხვედრით, არ ვიცი, საუბარი რაზე ჰქონდათ, რა ჰკითხეს და რა ვერ უპასუხა, მაგრამ სანქციების დახურული თემა გააცოცხლა. ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ არეული საქმიდან დალაგებული შედეგი ვერ გამოდის”, - განაცხადა პაპუაშვილმა.