ვინ მივიდა პრეზიდენტთან საგანგებო შეხვედრაზე - "პირველებმა" მოლაპარაკებების ექსკლუზიური კადრები გადაიღო

28.09.23 20:00
ვინ მივიდა პრეზიდენტთან საგანგებო შეხვედრაზე - "პირველებმა" მოლაპარაკებების ექსკლუზიური კადრები გადაიღო

 

საგანგებო შეხვედრა პრეზიდენტთან.  ერთი საათის წინ სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერები ორბელიანების სასახლეში დაიბარა. არ ვიცით რისი თქმა უნდა პრეზიდენტს - უთხრეს "პირველებს" შეხვედრაზე მისულებმა. საგანგებო შეკრებას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ლიდერები ესწრებიან. შეხვედრა დახურულია, ჟურნალისტებს ამბავი არ უთხრეს.  მოლაპარაკებების ექსკლუზიური კადრები პირველებმა ცოტა ხნის წინ გადაიღო. 

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ვარაუდობს, რომ საუბრის თემა ევროინტეგრაცია იქნება.

ხატია დეკანოიძესაც იგივე მოლოდინი აქვს და ამბობს, რომ პრეზიდენტთან საუბრის თემა კანდიდატის სტატუსი იქნება.

"ჩვენ გვაქვს ხოლმე შეხვედრები კანდიდატის სტატუსის ირგვლივ. ვუზიარებთ ერთმანეთს. მე ამ საღამოს მივფრინავ ევროპაში ჩვენს რამდენიმე პარტნიორთან სასაუბროდ და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ინფორმაცია მოვისმინოთ, ვნახოთ" - ამბობს ხატია დეკანოიძე.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური კი ამბობს, რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვს შეხვედრის თემასთან დაკავშირებით.

არ მაქვს ინფორმაცია, შეგვეხმიანა თავად ქალბატონი პრეზიდენტის ადმინისტრაცია. შეხვედრის თემაზე ინფორმაცია არ მაქვს, რომ გამოვალ, ამაზე უფრო მეტის თქმის შესაძლებლობა მექნება". - ამბობს ბუჩუკური.

პრეზიდენტის სასახლეში საგანგებო შეხვედრაზე ოპოზიციის ლიდერები ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალური განცხადებების შემდეგ მივიდნენ. დღეს პრემიერმა ქვეყნის უმაღლეს  მთავარსარდალს უნდობლობა გამოუცხადა და საბოტაჟში დასდო ბრალი. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ესწრება ეკა გიგაურიც. საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პერსონალური თავდასხმის ობიექტი გახდა. 

"წარმოდგენა არ მაქვს, რა თემაზე იქნება საუბარი, ვნახოთ, რომ გამოვალ, გეტყვით". - ამბობს გიგაური.

შეხვედრაზე იმყოფება ყოფილი სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიას აინტერესებს, როგორ მიდის პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტები.

მე მაინტერესებს, ვკითხავდი, როგორ მიდის მისი ვიზიტები ევროპაში, რა განწყობები და მოლოდინებია. სავარაუდოდ, ალბათ ამ საკითხზე იქნება შეხვედრა და გაგვიზიარებს თავის მოლოდინებს, ვნახოთ". - ამბობს ლომჯარია.

შეხვედრაზე არ იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი.

მსგავსი სიახლეები