„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციურ საქმიანობასთან დაკავშირებულ შტაბს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს
ცვლილებები ყველაზე დიდ ოპოზიციურ ერთობაში - დღეიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" კოალიციურ საქმიანობასთან დაკავშირებულ შტაბს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს - ინფორმაცია ცნობილი დღეს გამართული ბრიფინგიდან გახდა.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება ისიც, რომ ერთობლივ საარჩევნო კამპანიების შტაბს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს, თუცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის გამოცხადების შემდეგ გახმაურდება.
როგორც ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, ვაშაძეს ამ საქმიანობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ხოლო იმაში, რომ ოპოზიციამ 2018 წლის არჩევნების პირველივე ტურში შეძლო წარმატების მიღწევა, გიორგი ვაშაძეს დიდ წვლილი მიუძღვის.
„საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ცვლილებები სჭირდებათ. საქართველოს მოქალაქეს ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება აქვს გადაწყვეტილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი არის სწორედ ის ძალა, ის გუნდი, რომელიც მთავარი ძალა იქნება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, ცხადია. შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კოალიციას სჭირდება, მათ შორის, შტაბური, კამპანიური მუშაობა და 2018 წელს გვაქვს ოპოზიციას საუკეთესო გამოცდილება იმის, რომ ერთტურიან არჩევნებში, ვგულისხმობ, პირველ ტურში გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ 2018 წელს და 2024-ში ვადიან ან ვადამდელი არჩევნების პირობებში, ჩვენ გვექნება მხოლოდ ერთი ტური არჩევნების, მხოლოდ ერთი დღე არჩევნების და არანაირი ორი ტური აღარ არსებობს. შესაბამისად, 2018 წელს პოზიტიური გამარჯვების გამოცდილება, შტაბურ-კამპანიურ მუშაობაში აქვს გიორგი ვაშაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ საქმიანობაში, შტაბური მიმართულებით, ამ კამპანიებს, ამ შტაბს უხელმძღვანელებს გიორგი ვაშაძე“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
რას უკავშირდება ოპოზიციურ ფლანგზე გადალაგება - არის თუ არა ძალაუფლების გადაბარება, რჩება თუ არა ხაბეიშვილი ფორმალურ თავმჯდომარედ და იღებს თუ არა ძალაუფლებას ხელში ვაშაძე.
„პირველების“ კითხვებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა. როგორც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, „პატარა ადამიანობის კომპლექსების მოხსნის დროა“, ვაშაძე-ხაბეიშვილი კი ფუნქციებს გადაინაწილებენ.
2018 წელს გიორგი ვაშაძეს შტაბური კამპანიური მუშაობის გამოცდილება აქვს, მათ შორის პოზიტიურიც აქვს. შესაბამისად, ვფიქრობ, რატომ უნდა ვეძებოთ და ვაკეთოთ ახალი ველოსიპედი, როცა არსებობს რუსული რეჟიმის პირობებშივე გამარჯვების ფორმულა და ამ ადამიანს აქვს ეს გამოცდილება.
ჩემი აზრით, ყველამ ყველანაირი კომპლექსი უნდა მოიხსნას - პატარა ადამიანობის, რომ თურმე სხვა კონკრეტული ლიდერები თუ იქნებიან კოალიციაში, ამის გამო, თურმე ვიღაც რაღაცას გადაიბარებს, ჩვენ შეგვიძლია გადავინაწილოთ საქმეები და აქ დიდი კაცი და პატარა კაცი და თანამდებობის გადანაწილება კი არ ხდება, ფრონტზე მივდივართ,“ - ამბობს ხაბეიშვილი.
როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, კამპანიის ფარგლებში მთელ საქართველოს მოივლიან. რაც შეეხება კოალიციის ფორმირებას, პროცესი გრძელვადიანი იქნება. ვაშაძის თქმით, შტაბის წევრები კონკრეტულ პირებთან ოფიციალურ მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
ფართომასშტაბიან მუშაობას ვიწყებთ დღეიდან უკვე შტაბურ-კამპანიურ რეჟიმში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მომივლით მთელ საქართველოს, მივალთ ყველა ოჯახში და ყველას ვეტყვით, რომ დღეს არის დრო, როცა ერი და ბერი - ყველანი უნდა დავდგეთ ერთად.
კოალიციის ფორმირება იქნება საკმაოდ ხანგრძლივვადიანი, შესაბამისად, ჩვენ დღეიდან აქტიურ მოლაპარაკებებს დავიწყებთ კონკრეტულ ინდივიდებთან, რომლებიც დარწმუნებულები ვართ, რომ შემოუერთდებიან ამ ჩვენს კოალიციას,“ - განაცხადა ვაშაძემ.