ივანიშვილს ხელისუფლებაში ყურმოჭრილი მონები უნდა - ფიქრია ჩიხრაძე
კონფლიქტი ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის - „პირველები“ მეოთხე პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ესაუბრა. ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ ოლიგარქსა და მეოთხე პრეიზდენტს შორის დაპირისპირება ნამდვილად იყო და ძირითადად, ეს ფუნქციურ გაუგებრობას ეხებოდა. მისი თქმით, გარკვეულ საკითხებზე მარგველაშვილის პროტესტმა "ოცნება" და ივანიშვილი გააღიზიანა, რაც ძალიან ჰგავს მოქმედი პრეზიდენტის მიმართ ხელისუფლების ამჟამინდელ დამოკიდებულებას.
ჩიხრაძე ამბობს, რომ ივანიშვილს მმართველ პარტიაში ყურმოჭრილი მონები უნდა.
„ქართულ ოცნებასა“ და მარგველაშვილს შორის იყო სერიოზული კონფლიქტი და ეს კონფლიქტი ემყარებოდა კონსტიტუციის და პასუხისმგებლობების გაგებას. როგორც კი გაჩნდა ასეთი ფუნქციური გაუგებრობების თემა, დაპირებების არშესრულების თემა და მარგველაშვილმა ეს ყველაფერი გააპროტესტა, მაშინ ძალიან შემოწყრა ბიძინა ივანიშვილი და მთელი „ქართული ოცნება“. როგორც ვიცი, გიორგი ჰქონდა ეს განწყობა, რომ თუ ის ვერ შეძლებდა პრეზიდენტის ფუნქციის რეალურად გახორციელებას, ამ თანამდებობიდან წავიდოდა. დღესაც ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ უკლებლივ ყველა წარმომადგენელს, რომლებიც პირდაპირ ღიად ამტკიცებენ, რომ ის, ვინც „ქართული ოცნების“ ხელდასმით არის სადმე რამე თანამდებობაზე, აუცილებლად უნდა იყოს ყურმოჭრილი ყმა, მონა პარტიული ინტერესის და ბიძინა ივანიშვილის ინტერესის, ისინი არ მალავენ, ამას ღიად ამბობენ და ყველას ძალიან მტრულად უყურებენ, თუკი ასეთი არ აღმოჩნდება და დღევანდელი პრეზიდენტიც სწორედ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა, - ამბობს ჩიხრაძე.
შუშის სასახლის ინტრიგები საჯაროზე დავით უსუფაშვილმა გამოიტანა. პარტია "ლელოს" ლიდერი "რეაქციიისთვის" მიცემულ ინტერვიუში დახურული შეხევდრის დეტალებს ყვება. იხსენებს პერიოდს, როცა ივანიშვილი თითქოს პოლიტიკიდან წასული იყო, თუმცა მაინც შეეძლო, პრეზიდენტი ცალკე ოთახში გაეყვანა და თანამდებობიდან წასვლაში დაერწმუნებინა.
უსუფაშვილის შემეგ ივანიშვილს პრეზიდენტზე ზეწოლაში გია ხუხაშვილიც ამხელს. ოლიგაქრის ყოფილი მარჯვენა ხელი ამბობს, რომ ივანიშვილი მარგველაშვილს საკუთარი მითითებების შესრულებას შუამავლით ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა ოლიგარქსა და მეოთხე პრეზიდენტს შორის დაძაბული ურთიერთობის მიზეზიც.