ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - როგორ გაგრძელდება საქმე უზენაესის გადაწყვეტილების შემდეგ
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. პოლიტიკური სარჩულით დაწყებული დავა, ფაქტობრივად, დასრულებულია. ხუთწლიანი საქმე პროკურატურას სრულად ჩამოეშალა.
გადაწყვეტილებით ცნობილი გახდა, რომ "ტვ პირველის" დამფუძნებლის მამას და პარტია "ლელოს" ლიდერებს ფული არ გაუთეთრებიათ. თეთრი ძაფით შეკერილ საქმეზე დანაშაულის ნიშნები, ფაქტობრივად, ვერავინ დაადგინა.
ავთანდილ წერეთლის ადვოკატის კახა წერეთლის თქმით, უზენაეს სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სარჩელი წარმოებაში უნდა მიეღო. წერეთელი აანონსებს, რომ დავა სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდება.
არ იყო მტკიცებულებები და აღნიშნული საქმე დამთავრდება, ადრე თუ გვიან, სრულად გამამართლებელი გადაწყვეტილებით. გარდა ამისა, იყო წმინდა პროცესუალური სამართლებრივი მომენტები, რის გამოც ეს საქმე უზენაესი სასამართლოს განხილვის ღირსი უნდა გამხდარიყო.
ამ ბრალდებასთან მიმართებაში ამოიწურა ქართულ სამართლებრივ სივრცეში ამ ეტაპზე ეს საკითხი, ჩვენ გამოვიყენებთ ბუნებრივია კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას,“ - ამბობს კახა წერეთელი.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. საქალაქო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.