წავა თუ არა კულტურის სამინისტრო დათმობაზე? - წულუკიანის უწყებაში კონსერვატორიის თანამშრომლებს ხვდებიან
წავა თუ არა კულტურის სამინისტრო დათმობაზე? ამ წუთებში წულუკიანის უწყებაში კონსერვატორიის თანამშრომლებს ხვდებიან. ხელოვანების პროტესტის შემდეგ, "უჩინარი" მინისტრი იძულებული გახდა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვისაც მოესმინა.
აკადემიური საბჭოს წევრები წულუკიანის მოადგილეს არწმუნებენ, თუ რატომ არის აუცილებელი რექტორის არჩევის წესის უცვლელად დატოვება და რატომ არ შეესაბამება სიმართლეს, რომ თითქოს ამ პროცესს იურიდიული ხარვეზები ახლავს თან. დღეს უნდა შეთანხმდნენ თარიღებზე და წესებზეც.
სანდრო ბარამიძის თქმით, კულტურის მინისტრის გუშინწინდელი განცხადება კონსერვატორიელებს დიდ ეჭვს უჩენს, რომ ის იყო კონკრეტული პიროვნებების მიმართ გაკეთებული, კერძოდ კი ნანა შარიქაძის მიმართ. ბარამიძე ამბობს იმასაც, რომ აღნიშნული ქმედებებით კულტურის სამინისტრო ცდილობს კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოში კულტურის სამინისტრომ შეიყვანოს მათთვის სასურველი კანდიდატი.
დიდი იმედი მაქვს, რომ შეხვედრა ჩაივლის ცივილიზებულად, დაიდება გარკვეული შედეგი, რომელიც არ იქნება ცალკეული პიროვნებების და ცალკეული ინსტიტუტების შერყევისთვის გათვლილი. მე პირადად, ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას და კონსერვატორიელს ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ კულტურის მინისტრის გუშინწინდელი განცხადება იყო კონკრეტული პიროვნებების მიმართ, კერძოდ ქალბატონი ნანა შარიქაძის, ჩვენი რექტორის მიმართ გაკეთებული. ეს ემსახურებოდა იმას, რომ აკადემიური საბჭოს გაფართოებაზე მომხდარიყო აქცენტი და შემდგომ ძალიან დიდი ეჭვი გაჩნდა იმაზე, რომ ეს ყველაფერი იყო მიმართული იმისთვის, რომ აკადემიურ საბჭოში კულტურის სამინისტროს მოეხერხებინა და შეეყვანა საკუთარი სასურველი კანდიდატი", - ამბობს, სანდრო ბარამიძე.
კონსერვატორიის თანამშრომლების თქმით, მინისტრის პარლამენტში გამოსვლა დიალოგის ფორმატს არ ჰგავდა და ის უფრო ულტიმატუმის ფორმატს ატარებდა.
რაც მინისტრმა განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას, იქ დიალოგის ფორმატს ვერ ვხედავთ, მისი კომუნიკაციის ფორმატი და მოთხოვნა ულტიმატუმის ფორმას ჰგავდა, რომ უნდა გადავიდეს სექტორი მასთან თანამშრომლობაზე და სხვანაირად არ გამოვა, ეს არანაირი დიალოგის ფორმა არ არის ეს არის ულტიმატუმის ფორმატი", - ამბობს კონსერვატორიის თანამშრომელი.