ბრალდება ვერ დადასტურდა - ფულის გათეთრება არ ყოფილა!! - ხაზარაძე
"ბრალდება ვერ დადასტურდა - ფულის გათეთრება არ ყოფილა!!" - ამ განცხადებას "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ავრცელებს.
ხაზარაძე ეხმაურება ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მხრიდან საკასაციო სარჩელის განხილვაზე უარის თქმას.
ხაზარაძე წერს იმ ზიანზე, რაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმის წამოწყებით მიაყენა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ქვეყანას და ბიზნეს სექტორს.
ბრალდება ვერ დადასტურდა - ფულის გათეთრება არ ყოფილა!!
რუსების დაკვეთითა და ბიძინას პროკურატურის მიერ შეთითხნილი ფულის გათეთრების საქმე დასრულდა.
რას მიაღწიეს? - გააჩერეს ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები და საერთაშორისო ბანკები, ქვეყანას წაართვეს ინვესტიცია, ჩაშალეს საუკუნის პროექტის, ანაკლიის მშენებლობა, ქვეყნის განვითარება ათეული წლით უკან დახიეს და რუსების დავალება პირნათლად შეასრულეს.
რატომ არის საქართველო ასეთ მდგომარეობაში? - იმიტომ რომ კრემლის მოკავშირე, გაყიდული მთავრობა გვყავს, რომელსაც ეროვნული ინტერესი არაფრად მიაჩნია.
დაგვაზიანეს? - ვერ დაგვაზიანეს, უფრო გავმაგრდით, უფრო ნათლად დავინახეთ, ვისთან გვაქვს საქმე. ქვეყნის გამარჯვება ამათი მმართველობიდან გაშვებაზე გადის! ბრძოლა გრძელდება! სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დადის. მთავარია, არ გაჩერდე, არც გავჩერდებით!" - წერს ხაზარაძე.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. როგორც ადვოკატი ამბობს, საქმე ახლა სტრასბურგის სასამართლოში გადაიგზავნება, რადგან ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნობა მიუღებელია.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. საქალაქო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.