ფულის გათეთრების თემა შეთითხნილი იყო და ჩვენ გაშავებას ემსახურებოდა - "ლელოს" ლიდერები სტრასბურგში მიდიან
"ფულის გათეთრების თემა აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდება იყო, რომელიც ჩვენს გაშავებას ემსახურებოდა," - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საუბრობს.
ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ისინი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავენ, რადგან მომავალში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სასამართლო და პროკურატურა არ იქნეს გამოყენებული.
დღეს გამოცხადდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სააპელაციო საჩივარი მამუკა ხაზარაძის, ჩემი და ავთანდილ წერეთლის საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც წერტილი დაუსვა 5-წლიან ეპოპეას და სასამართლო განხილვებს, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ცალსახად შეაფასა, როგორც პოლიტიკური დევნის მკაფიო მაგალითი.
რა თქმა უნდა, ფულის გათეთრების თემა აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდება იყო და ემსახურებოდა ჩვენს გაშავებას. ჩვენი საქმიანი რეპუტაციის დანგრევას, ამის მეშვეობით ანაკლიის პროექტის შეჩერებას. ცხადია, რომ არანაირი საფუძვლის ნასახიც კი არ არსებობდა ამ ტიპის ბრალდებისთვის, მაგრამ როგორც რუსეთის ფედერაციაში არსებული პრაქტიკის საუკეთესო ტრადიციებში პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის აქაც, ჩვენს ქვეყანაშიც გამოყენებული იქნა ეს მუხლი.
საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, იძულებულები გახდნენ, რომ გავემართლებინეთ ფულის გათეთრების საქმეში და იმისათვის, რომ ზიანი მაინც მოეყენებინათ, ამისთვის მოიფიქრეს ხანდაზმული მუხლით გამტყუნება, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვა, გარდა იმისა, რომ გამოყენებული იქნა, ესეც მიზანდასახულად, ჩემი სადეპუტატო მანდატის შესაწყვეტად.
რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართავთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ პრეცედენტი, რომ აღარასოდეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არ იქნეს გამოყენებული პროკურატურა და სასამართლო - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.