პრეზიდენტმა სერიოზული პოლიტიკური წონა აკრიფა - როგორი უნდა იყოს ზურაბიშვილის ფაქტორი არჩევნებზე

2024 წლის არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანი იქნება - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა "ტვ პირველის" გადაცემა "პოლიტიკურ ამბებში" განაცხადა.
ხუხაშვილი მეხუთე პრეზიდენტს კნკრეტულ პარტიაში ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ "სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ერთჯერად პოლიტიკურ თამაშში უნდა შევიდეს".
რაც შეეხება იმპიჩმენტით მუქარას, გია ხუხაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ პრეზიდენტ ამ "ომიდან" გამარჯვებული გამოვა. " შეუძლია, უსამართლოდ ჩაგრულის მანტიის მოსხმით დააგროვოს სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი"- თქვა პოლიტოლოგმა.
სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო 1 წლის განმავლობაში ის რადიკალურად შეიცვალა. მან გარკვეული სიმპათიებიც დაბადა ჩემში. იგი სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მან აკრიფა სერიოზული პოლიტიკური წონა. იმპიჩმენტი შედგება თუ არა, იგი პოლიტიკურად მაინც გამარჯვებულია. იმპიჩმენტი თუ შედგა ის გაიმარჯვებს მმართველ ძალაზე და თუ ვერ შედგა, მას შეუძლია უსამართლოდ ჩაგრულის მანტიით აკრიფოს სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი. მე ვფიქრობ, რომ ის ერთჯერად პოლიტიკურ თამაშში უნდა შევიდეს, რადგან ზურაბიშვილს პარტიებში ვერ ვხედავ - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.