"ოცნება" შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის გამკაცრებასა და ახალი აკრძალვების ამოქმედებას გეგმავს

30.09.23 11:47
"ოცნება" შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის გამკაცრებასა და ახალი აკრძალვების ამოქმედებას გეგმავს

ქუჩის აქციები კარვების და ბარიერების გარეშე - ქართული ოცნება ახალ რეპრესიულ კანონზე იწყებს მუშაობს. კობახიძის გუნდი კანონს ისე ამკაცრებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკოსებს პროტესტის გამოხატვის სივრცე ბოლომდე შეუზღუდონ. თუ ვინმე საპროტესტო აქციაზე ახალ წესებს არ დაემორჩილება, მაშინ მას 500 ლარით დააჯარიმებენ.  თუ სამართალდამრღვევად, აქციის ორგანიზატორს მიიჩნევენ, მაშინ მას 5 ათას ლარიან ჯარიმას გამოუწერენ. ახალ შეზღუდვებს ოცნება სუს-ის გამოძიებით ხსნის. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმე, აიძულებთ ადამიანებს  შეუზღუდონ პროტესტის გამოხატვის სივრცე და ფორმებიც.

ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

„აღნიშნული განცხადების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ იქნა ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს. იმავე განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირების მიერ დაგეგმილია, მათ შორის, ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სახელმწიფო ორგანოთა შენობების დაკავება და ბლოკირება. ამასთანავე, მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ე. წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება. აღნიშნული საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების სათანადო ორგანოები ვალდებული არიან, გაატარონ ყველა გონივრული ღონისძიება ზემოხსენებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები სუს-ის განცხადებაში მითითებულ საფრთხეებზე „ეფექტიანი და დროული რეაგირების აუცილებლობიდან გამომდინარე“, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას და მიღებას ითხოვენ.

პროექტი პარლამენტის ბიუროს 2 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

მსგავსი სიახლეები