მუქარა და ბულინგი მოსწავლის მიმართ - განათლების სამინისტრომ საქმეზე მოკვლევა დაიწყო
მუქარა და ბულინგი მოსწავლის მიმართ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარს ეხმიანება.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს.
„საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან.
აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს.
როგორც მოგეხსენებათ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოძიება დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია საკითხის ყველა ასპექტის შესწავლაში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბულინგი, მუქარა და დამცირება - მეცხრე კლასელ გოგონას, სავარაუდოდ, საკუთარი თანაკლასელები აშანტაჟებენ. უმძიმესი ფაქტი ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში ხდება.
სოციალურ ქსელში, ვირუსულად გავრცელდა წერილი, რომელიც გოგონას სასკოლო ჩანთაში სავარაუდოდ თანატოლმა დაუტოვა. წერილის შინაარსი მძიმე მოსასმენია.
გელათის საჯარო სკოლის ფაქტზე შსს-ს გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო.