პირველ ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება

30.09.23 14:06
პირველ ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება

ხვალ, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოში პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. როგორც, ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, მოქალაქეები ხვალ საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ. 

იოსელიანის ინფორმაციით, არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი იხსნება.

"საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალპროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება 1-ლი ოქტომბრის არჩევნებს, რომელიც არჩევნების მოდერნიზების პროცესში, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა...მოვუწოდებთ გორის, კასპის და გურჯაანის ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ არჩევანი და ნახონ, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები," - ამბობს იოსელიანი.

მისივე თქმით, საარჩევნო ბიულეტენი განსხვავებული იქნება - ამომრჩევლებს სასურველი კანდიდატის ნომრის შემოხაზვის ნაცვლად, კანდიდატის წინ არსებული წრის გაფერადება მოუწევს.

ცესკოს ინფორმაციით, ხვალინდელ არჩევნებზე რეგისტრირებულია 184 300 ამომრჩეველი, 16 საერთაშორისო, 426 კი ადგილობრივი დამკვირვებელი. იოსელიანის თქმით, პროცესს გააშუქებს მედიაორგანიზაციების 158 წარმომადგენელი, ხოლო არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 178 წარმომადგენელი. 

მსგავსი სიახლეები