ოლიგარქის პოლიტიკური რაინდები ურჩი ზურაბიშვილის წინააღმდეგ - ისტორიაში პირველად, ასამართლებენ მოქმედ პრეზიდენტს
სამი ოქტომბერი, 12:00 საათი, საქართველოს ისტორიაში პირველად, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის გასამართლებას დაიწყებს.
ახლა მთავარი პოლიტიკური ინტრიგაა, ჩავა თუ არა სალომე ზურაბიშვილი სასამართლო პროცესზე? - სალომე ზურაბიშვილს უფლება აქვს ბათუმში მხოლოდ იურისტები გააგზავნოს.
იმის გამო რომ "ქართულმა ოცნებამ" არ იცის, როგორი იქნება ზურაბიშვილის სვლა საჭადრაკო დაფაზე, თავს იზღვევს მმართველი ძალა პრეზიდენტის სასამართლოზე დიდ დელეგაციას აგზავნის.
თუ ზურაბიშვილი ბათუმში ჩავა, მთავარსარდალი და "ქართული ოცნების" ხუთი პოლიტიკური რაინდი ერთმანეთის პირისპირ იქნებიან.
პრეზიდენტს პოლიტიკური ბრალი უკვე წაუყენეს, ახლა "ქართულმა ოცნებამ" უნდა დაამტკიცოს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ის მთავარი კანონი დაარღვია, რომელზეც ფიცი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დადო.
"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ჩასვლას ბათუმში და იმპიჩმენტის სასამართლო პროცესში მონაწილეობას ვერ გაბედავს, და თუ მაინც ჩავა, ფიქრობენ, რომ ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" კიდევ ოთხი პოლიტიკური რაინდი სალომე ზურაბიშვილს დარბაზშივე დაუმტკიცებს, რომ მთავარი კანონი დაარღვია.
ასე ფიქრობს "ოცნება", თუმცა ვინც კონსტიტუცია კარგად იცის, ამბობს, რომ პრეზიდენტს მთავარი კანონი პირდაპირ ავალდებულებს ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შეუწყოს - ზურაბიშვილს უფლება ჰქონდა პრემიერის თანხების გარეშე ევროპელ ლიდერებს შეხვედროდა რადგან ამ შეხვედრებზე სწორედ საქართველოს ბედი წყდებოდა.
არგუმენტებით შეიარაღებას ცდილობს პრეზიდენტიც - ორბელიანის სასახლეში, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო სექტორთან არაფორმალურ შეხვედრაზე, სალომე ზურაბიშვილთან გვიანობამდე სამი იურისტი ქალი შემორჩა. თამარ ჩუგოშვილი, ანა ნაცვლიშვილი და ნინო ლომჯარია. ნაცვლიშვილი დეტალებზე კამერების წინ არ ჰყვება, თუმცა ამბობს, რომ პრეზიდენტი "ქართული ოცნების" რუსულ ნაბიჯებს მძიმედ აფასებს.
შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ არაფორმალური საუბრის დროს "შაბათის ეთერს" უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დროს პარლამენტში მისვლას აპირებს.
სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე თითქმის არაფერი უთქვამს პრემიერ ღარიბაშვილზე, რომელმაც ხუთშაბათს პრეზიდენტი საბოტაჟში დაადანაშაულა. „რას ლაპარაკობს ეგ კაცი არ მაინტერესებს“ "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ამ მოკლე შეფასებით დაიწყო და დაასრულა ლაპარაკი ზურაბიშვილმა კაცზე, რომელმაც უმაღლესი თანამდებობის პირის პოლიტიკურ იზოლაციაში მოქცევა გადაწყვიტა.
ამასთან "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, პრეზიდენტმა ქალ პოლიტიკოსებს უთხრა, რომ რუსეთის ჯაშუშობაში მხილებულს მოქალაქეობას არ შეუნარჩუნებს.
მეორე თემა ლაზარე გრიგორიადისს ეხება, რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდას, რომელიც "ოცნებამ" ციხეში გამოკეტა. შეხვედრაზე ქალმა პოლიტიკოსებმა პრეზიდენტს სთხოვეს, რომ მან შეწყალების უფლება გამოიყენოს.
პოლიტიკურ ინტრიგად რჩება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი - სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრას არ ესწრებოდა "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთი წევრი. სააკაშვილის პარტიას მეხუთე პრეზიდენტი მარტო შეხვდა.
ბოკუჩავა გვიდასტურებს რომ საუბარი მესამე პრეზიდენტის შეწყალებაზე იყო, მაგრამ დეტალებს საიდუმლოდ ტოვებს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა, ბევრი ილაპარაკა რა უთხრეს ევროპელმა ლიდერებმა და ვინ დაჰპირდა გარანტირებულად რომ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუტის მინიჭებას მხარს დაუჭერს.