ღარიბაშვილი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც კორუფციული ხრწნის სიმბოლო - გიორგი ვაშაძე
ღარიბაშვილი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც კორუფციული ხრწნის სიმბოლო, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი საუბრობს. საქმე ეხება "შაბათის ეთერის" ხმაურიან ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლითაც ირკვევა, რომ პრემიერის სიდედრი აკურიანის ტყის პირას ახალი ტერიტორიების მფლობელი გახდა.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პრემიერს პენსიონრების სესხების დასაფარად ფული არ აქვს, თუმცა თანხა კერძო ჩარტერისთვის და მიწების საყიდლად ყოველთვის მოეპოვება.
ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი ხელისუფლების მხილებაში გამომძიებელი ჟურნალისტების როლზე საუბრობს და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.
ღარიბაშვილი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც კორუფციული ხრწნის სიმბოლო. ენით აღუწერელია უკვე ეს ყველაფერი, რაც ხდება. ტოტალური ხრწნა. მას მიწებისთვისაც ფული აქვს, ჩარტერისთვისაც ფული აქვს, ყველაფრისთვის ფული აქვს, მაგრამ როცა ბიუჯეტში სახსრები არის, რომ პენსიონერს სესხი დაუფარო, ამისთის ფული ენანება. რატომ ენანება? იმიტომ, რომ ხვალ კიდევ მიწა უნდა რომ იყიდოს. ალბათ ჩარტერი აღარ აკმაყოფილებს, ალბათ კერძო თვითმფრინავიც უნდა რომ იყიდოს.
მადლობა ნოდარ მელაძეს, მთელ საგამოძიებო ჟურნალისტების ჯგუფს, რომ თქვენ ასე სისტემურად ამხელთ ღარიბაშვილის ხრწნას, რომელსაც ფსკერი არ აქვს, - ამბობს გიორგი ვაშაძე.