ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენს არ დაუშვებს - სოფო ჯაფარიძე
მესამე პრეზიდენტის პატიმრობის 2 წლის თავს მისი პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე საგანგებო განცხადებით ეხმიანება. სოფო ჯაფარიძე პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის და პუტინის პირადი ტყვეა, რომლის გათავისუფლებაც ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს.
ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნებამ" სააკაშვილის გათავისუფლებაზე უარი ევროპარლამენტარებს და უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, თუმცა წინ ვერ აღუდგება მესამე პრეზიდენტის აუარებელ მხარდამჭერს.
ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გათავისუფლება დემოკრატიისკენ გადადგმული ყველაზე იდი ნაბიჯი იქნება.
უკვე 2 წელია, რაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სრულიად უსამართლოდ იმყოფება ოლიგარქის და პუტინის პირად ტყვეობაში. ვუყურებთ, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ხელისუფლება და ვუყურებთ, რომ დღეს მათი ყველაზე დიდი თავის ტკივილი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პატიმრობიდანაც კი ახერხებს, იყოს წინა ხაზზე ოლიგარქთან და რუსეთთან ბრძოლაში.
ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი აბსურდული ბრალდებით დააკავეს ის. სინამდვილეში, ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკოსის და რეფორმატორის თავისუფლად ყოფნა. ბოლო თვეების ამბებს თუ გადავხედავთ, დღე არ გავა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება განცხადებაზე არ აკეთოს მიხეილ სააკაშვილის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვხედავთ, ხელისუფლებას ინტენსიურად მოუწოდებენ როგორც დასავლელი ლიდერები, ასევე ევროპარლამენტარები, ძალიან გავლენიანი ორგანიზაციები, რომ ადეკვატური მკურნალობის მისაღებად გადაეყვანათ ის ან გაეთავისუფლებინათ, მაგრამ შედეგს ვხედავთ.
ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. მათ ცივი უარი განუცხადეს უკრაინის პრეზიდენტს, მრავალ ევროპარლამენტარს, დასავლელ ლიდერებს, მაგრამ ისინი წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ მიხეილ სააკაშვილის ასი ათასობით მხარდამჭერს.
დღეს, როდესაც ქვეყანა არის უმძიმეს მდგომარეობაში, არ არის დაპირისპირების და აგრესიის დრო. ჩვენი სურვილია, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყოს დემოკრატიისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯი. წინააღმეგ შემთხვევაში, ყველამ კარგად უნდა იცოდეს და ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს მიხეილ სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენს, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.