ვის გულგრილობას ემსხვერპლა შოვში 33 ადამიანი - ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად მოითხოვა საგამოძიებო კომისიის შექმნა, ვის დაუდევრობას და გულგრილობას შეეწირა 33 ადამიანის სიცოცხლე შოვში.
სამოქალაქო საზოგადოებას მიაჩნია, რომ რაჭის ტრაგედიის საქმეს არ უნდა იძიებდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს საქმე გენერალურმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.
"საია"-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, მათ პასუხები არ აქვთ იმ მნიშვნელოვან კითხვებზე, რომელიც შოვის ტრაგედიებს უკავშირდება და არ იციან როგორ მიმდინარებს გამოძიება დღემდე. ქურდოვანიძე ამბობს იმასაც, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ეფექტიანი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ტრაგედიები მომავალში აღარ მოხდეს და მათზე რეაგირება იყოს დროული და ეფექტიანი.
ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებულმა, ამ ორმა მასშტაბურმა სტიქიურმა მოვლენებმა 40-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ჩვენ დღემდე არ გვაქვს პასუხები იმ მნიშვნელოვან კითხვებზე, რომელიც ამ მოვლენებს უკავშირდება. მათ შორის არ ვიცი, როგორ მიმდინარებს გამოძიება და დღემდე, რაც ძალიან ზედაპირზე ჩანს იკვეთება, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ეფექტიანი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ამ ტიპის ტრაგედიები მომავალში არ მოხდეს და მათზე რეაგირება იყოს დროული და ეფექტიანი. ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვები გამოძიების მიმდინარეობის ამ ნაწილთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ კვალიფიკაცია არასწორად მიმდინარებს და ასევე მიგვაჩნია, რომს საქმეს არ უნდა იძიებდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ის უნდა გადაეცეს გამოსაძიებლად გენერალურ პროკურატურას", - ამბობს "საია"-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურიდიული სამსახურის უფროსი, ეკა ქობესაშვილის თქმით, თუ მესამე სექტორი არ იქნება ინფორმირებული გამოძიების მიმდინარების შესახებ, ისინი მოკლებული იქნებიან შესაძლებლობას, რომ იცოდნენ გამოძიება რას აკეთებს, რა უნდა გაეკეთებინა.
თუ ჩვენ არ გვექნება გამოძიების მხრიდან ინფორმირება გამოძიების მიმდინარების შესახებ ჩვენ მოკლებული ვიქნებით შესაძლებლობას ვიცოდეთ გამოძიება რას აკეთებს, რა უნდა გაეკეთებინა და რა არ კეთდება", - ამბობს "ადამიანის უფლებატა ცენტრის" იურიდიული სამსახურის უფროსი, ეკა ქობესაშვილი.