იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური პროცესია და მასში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა - იოსელიანი

02.10.23 12:18
იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური პროცესია და მასში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა - იოსელიანი

"იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური პროცესია და ბუნებრივია, მასში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა", - ეს განცხადება სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.

მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის გამო იმპიჩმენტს უცხადებს, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ამ საკითხის განხილვაში ვერ ჩაერევა.

როგორც იოსელიანმა განმარტა, სახალხო დამცველს „სასამართლოს მეგობრის“ მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა გააჩნია, რასაც იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ მას ამის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს და სახალხო დამცველის აპარატი განიხილავს და გადაწყვეტს, რომ იმპიჩმენტით კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებები ირღვევა.

იოსელიანის თქმით, თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ამ უფლებებთან დაკავშირებული არ იქნება, „სასამართლოს მეგობრის“ გამოყენებისგან თავს შეიკავებს.

იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური პროცესია და ბუნებრივია, მასში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა, თუმცა სახალხო დამცველს აქვს საშუალება, სასამართლოს „მეგობრის“ მოსაზრებით მიმართოს. ცალკე საკითხია, იმპიჩმენტი რამდენად ჯდება კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებების ჩამონათვალში. თუ ამაზე პრეზიდენტის მხრიდან მომართვა იქნება, სახალხო დამცველის აპარატს მოუწევს მსჯელობა და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ირღვევა თუ არა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების ნაწილი თუ ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი, რაშიც სახალხო დამცველი მანდატი მოაზრებული არ არის.

თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მომართვა იქნება, სახალხო დამცველის აპარატი ამაზე იმსჯელებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იოსელიანმა.

მსგავსი სიახლეები