პრეზიდენტი შესაძლოა, იძულებით გამოკითხონ - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი ინტერვიუ

02.10.23 13:01
პრეზიდენტი შესაძლოა, იძულებით გამოკითხონ - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი ინტერვიუ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი ინტერვიუ ისტორიულ პროცესამდე ერთი დღით ადრე -  მერაბ ტურავა სალომე ზურაბიშვილს ბათუმში ელოდება. 

თუ საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო დავას არ დაესწრება, ის შესაძლოა იძულებით გამოკითხონ. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ზურაბიშვილის იურისტის პასუხები მოსამართლეთა ცხრა კაციან შემადგენლობას არ დააკმაყოფილებს.

პრეზიდენტის დასწრება არის სავალდებულო და კარგი, დაგვეხმარება დასკვნის ჩამოყალიბებაში. თუ არ დაესწრება ადგილზე თათბირით გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცევით, მას ალბათ, ეყოლება წარმომადგენელი, მაგრამ ადგილზე სასამართლომ 9 მოსამართლის მონაწილეობით უნდა დაადგინოს, რამდენად სრულყოფილი იქნება სასამართლო განხილვა პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე, რამეთუ არის საკითხები კონსტიტუციასთან მიმართებაში, რომელზეც პასუხები შეიძლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდეს.

თუ ჩვენ ვნახავთ, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი პასუხობს ირიბად, არაპირდაპირ, არ ვიცი და ა,.შ. კითხვებზე, თუ სასამართლო ჩათლის, რომ პრეზიდენტის პოზიცია უცნობია და იქნებოდა დასკვნის დასაწერად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა, არ დავკმაყოფილდეთ იმ ინფორმაციით, შეკითხვებზე რა პასუხებსაც მივიღებთ და სასამართლო უფლებამოსილია, პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდაც კი მოითხოვოს მისი პროცესზე დასწრება," - ამბობს ტურავა.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, სხდომას ასევე დაესწრება მთავრობის წარმომადგენელი და მის პოზიციასაც მოისმენენ კოლეგიის წევრები. როგორც ტურავა ვარაუდობს, იმპიჩმენტის საქმის მოსმენას დაახლოებით, ორი დღე დასჭირდება და მოსამართლეებს დასკვნის მოსამზადებლად 15 ოქტომბრამდე აქვთ ვადა. თუ მოსამართლეები დაადგენენ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს.

დაესწრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი სასამართლო პროცესს, ეს დღის ბოლომდე გაირკვევა. სარჩელის ავტორები კი საკონსტიტუციო სასამართლოში იქნებიან.
 

მსგავსი სიახლეები