მონები", "ძველი ბიჭები" - ხმაური სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის განხილვაზე

02.10.23 14:06
მონები", "ძველი ბიჭები" - ხმაური სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის განხილვაზე

სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის განხილვა პარლამენტში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ "მონები" და "ძველი ბიჭები" ეძახა ოპოზიციამ "ქართული ოცნების" დეპუტატებს. აქტიურობდა ანა წითლიძე, რადგან სხდომის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ დეპუტატებს უფლება არ მისცა, კითხვები დაესვათ ომბუდსმენისთვის. 

შეკითხვები ოთარ ფარცხალაძეს, პრეზიდენტის იმპიჩმენტს და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეხებოდა. "ოცნება" ფიქრობს, რომ სახალხო დამცველმა პოლიტიკურ თემებზე კომენტარები არ უნდა აკეთოს.

სახალხო დამცველის მანდატი არის ბევრად უფრო ფართო, ვიდრე სახალხო დამცველი პოზიციონირებს, ამიტომ კითხვები ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით გვექნება, - თქვა შესავალ სიტყვაში დეპუტატმა, ანა წითლიძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის პოზიცია ხმამაღლა ისმოდეს, მაგრამ არ ისმის.

კითხვები გვექნება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის კონსილიუმის ბოლო დასკვნა ძალიან მძიმე იყო, შესაბამისად, ჩვენი კითხვა იქნება, თუ რას აპირებს და ვის აკისრებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობს, რას აპირებს სახელმწიფო, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ფატალურად არ დასრულდეს.

ცხადია, კითხვები გვექნება, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე სხვა პროცესებთან დაკავშირებით. მაგალითად, არ ვიცით, როგორია სახალხო დამცველის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ახალგაზრდები ცარიელი ფურცლით დგომის გამო, 2000 ლარით დააჯარიმეს. არ ვიცით მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში შემოსულია კანონპროექტი, რომელიც უზღუდავს შეკრების, გამოხატვის თავისუფლებას და ნებისმიერი კონსტრუქციის დადგმას.

სახალხო დამცველი ვერ აარიდებს თავს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს უფლებების დარღვევის ნაწილში. აუცილებლად უნდა გვიპასუხოს ფარცხალაძესთან დაკავშირებითაც და გაგვცეს პასუხი, თუ რამდენად წარმატებულად თვლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ფარცხალაძე “ეფესბეს” აგენტი აღმოჩნდა, - განაცხადა ანა წითლიძემ.

წითლიძის გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გაღიზიანება მოჰყბა. 

თქვენი პრობლემაც და უბედურებაც ის არის, სახალხო დამცველს აფასებთ იმის მიხედვით, თქვენი პოლიტიკური პარტნიორი იქნება თუ არა, თორემ სულ ფეხებზე გკიდიათ ყველა ადამიანის უფლება, - თქვა მიხეილ სარჯველაძემ ანა წითლიძის საპასუხოდ. 

მსგავსი სიახლეები