შემაშფოთებელი და სამწუხარო ფაქტი გროვდება USAID-ის ჩართულობით, რომელიც პირდაპირ ასახავს მტრობას - კალაძე
"შემაშფოთებელი და სამწუხარო ფაქტი გროვდება USAID-ის ჩართულობით, რომელიც პირდაპირ ასახავს მტრობას," - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. თბილისის მერი USAID-ზე ორკესტრირებულ შეტევას აგრძელებს.
კალაძე სუს-ის განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ე.წ. გადატრიალების საქმეში მხილებული CANVAS-ის წევრები USAID-ის დაფინანსებით იყვნენ ჩამოსულები.
კახა კალაძე სახელმწიფო გადატრიალებაში USAID-ის ბრალეულობას ხედავს და უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის იხსენებს საპარლამენტო არჩევნების დროს პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნების დროს დაშვებულ შეცდომას, რომელიც "სამართლიანმა არჩევნებმა" სწორედ USAID-ის დაფინანსებით გამოაქვეყნა. კობახიძის მსგავსად კალაძეც USAID-ს ახსნა-განმარტებას სთხოვს.
ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმ მზაკვრული გეგმებისა, რომელიც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ჩვენი ქვეყნის მტრებს გააჩნიათ. თუმცა კიდევ უფრო შემაშფოთებელი და კიდევ უფრო მძიმეა ფაქტი, როდესაც აშშ-ის განვითარების სააგენტო აფინანსებს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ახსნა-განმარტება.
უნდა გავიხსენოთ საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მოხდა პარალელური დათვლების გაყალბება და ესეც USAID-ის დაფინანსებული იყო.
შემაშფოთებელი და სამწუხარო ფაქტი გროვდება USAID-ის ჩართულობით, რომელიც პირდაპირ ასახავს მტრობას,“ - ამბობს კალაძე.