რაც დღეს გავრცელდა ჩანაწერის სახით, სასაცილოა, რომ მას დავარქვათ მტკიცებულება - საია-ს თავმჯდომარე სუს-ზე
„ის, რაც დღეს გავრცელდა ჩანაწერის სახით, სასაცილოა, რომ მას დავარქვათ მტკიცებულება, რომლითაც რევოლუცია იგეგმებოდა, ეს არის ჩვეულებრივი ლექცია,“ - ეს განცხადება საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ სუს-ის განცხადების შეფასებისას გააკეთა.
როგორც საია-ს თავმჯდომარე ამბობს, სუს-ს ამ დრომდე რეალური მტკიცებულება საზოგადოებისთვის არ წარუდგენია, რომელიც ე.წ. გადატრიალების მცდელობას დაადასტურებდა. ქურდოვანიძე დარწმუნებულია, რომ სუს-ის განცხადება ოთარ ფარცხალაძის საქმის გადაფარვას ემსახურება.
სუს-ის დღევანდელი პრესკონფერენცია არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ გადაიფაროს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც საზოგადოებაში დღეისთვის დგას, მათ შორის, ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება, რომელიც სუს-მა უნდა აწარმოოს და ამ დრომდე ჩვენ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს, როგორ მიმდინარეობს ეს გამოძიება. ამის პარალელურად, ჩვენ ვისმენთ ასეთ ბრალდებებს, რომ თითქოს გადატრიალების მზადება მიმდინარეობს და ამის უკან არ არის მტკიცებულებები. თუ ასეთი მტკიცებულებები სუს-ს გააჩნია, მაშინ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მტკიცებულებების შესახებ,“ - ამბობს ქურდოვანიძე.