„ოცნება"-ის მორიგი რუსული კანონი და სტატუსის საბოტაჟი - ხოშტარია-ჯაფარიძე კარვების კანონზე
"ქართული ოცნება მორიგი რუსული კანონის მიღებას აპირებს" - "გირჩი მეტი თავისუფლება" და "დროა" "ოცნების" მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში მკაცრი რეგულაციების დაწესების მცდელობას ეხმიანებიან.
ოპოზიციური პარტიები ცვლილებას მორიგ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯად აფასებენ და ამბობენ, რომ აღნიშნული ინიციატივა მსგავსია იმ რეგულაციებისა, რომლებიც ავტოკრატიულ და დიქტატორულ რეჟიმებში მოქმედებს.
„ქართული ოცნება“ მორიგი რუსული კანონის მიღებას აპირებს. საქართველოს პარლამენტში დღეს იწყება ქართული ოცნების მორიგი ანტიდემოკრატიული ინიციატივის განხილვა, რომელიც ეხება შეზღუდვებს შეკრება/მანიფესტაციასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ინიციატივა მსგავსია იმ რეგულაციებისა, რომლებიც მოქმედებს ავტოკრატიულ და დიქტატორულ რეჟიმებში და მიზნად ისახავს ერთი მხრივ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვას, ხოლო მეორე მხრივ იმ მოქალაქეთა დაშინებას, რომლებსაც შესაძლოა სურვილი ჰქონდეთ მიმართონ პროტესტის გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომლებიც საჭიროებს სხვადასხვა კონსტრუქციების ან ტექნიკის (მაგალითად სცენა, გენერატორი, კარავი და ა.შ.) გამოყენებას.
ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ერთი ან რამდენიმე პოლიციელის ჩვენების საფუძველზე მოქალაქეებს აკავებენ, ასამართლებენ და სჯიან ცარიელი ფურცლით ხელში პროტესტის გამოთქმის გამო, ყველასთვის ცხადია რა შედეგები მოჰყვება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების სამართლებრივი შეზღუდვისკენ გადადგმულ ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს.
ქართული ოცნების მხრიდან ამ ინიციატივის დაკავშირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ ბრიფინგთან, სადაც მორიგ ჯერზე ითქვა რომ თითქოს ქვეყანაში მზადდება არეულობა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე რომ სუსი ემსახურება ერთი ადამიანის, ივანიშვილის რუსული ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი გამოყენება ხდება თავისუფალი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის მიზნით.
და ბოლოს, ამ მორიგი რუსული კანონის ინიციირებით, ქართული ოცნება კიდევ ერთხელ ახდენს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტირებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებშია", - ნათქვამია "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და "დროას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მიერ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება".