USAID-ზე კოორდინირებული შეტევა გრძელდება - ორგანიზაციას ახსნა-განმარტებებს პრემიერიც სთხოვს
"ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან USAID-ზე კოორდინირებული შეტევა გრძელდება - ამჯერად პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მოუწოდებს ამერიკულ ორგანიზაციას ახსნა-განმარტებებისკენ.
მთავრობის სხდომიდან პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სუს-ზე დაყრდნობით USAID-ის ადგილობრივი ორგანიზაცია, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულა, რადგან ღარიბაშვილმაც მტკიცებით ფორმაში აღნიშნა, რომ CANVAS-ის წევრები სწორედ USAID-ის დაფინანსებით ჩამოვიდნენ საქართველოში.
ასევე მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ სათანადო, გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას მოვისმენთ ჩვენ და საზოგადოება USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევით და მათი დაფინანსებით იყვნენ ეს ადამიანები ჩამოსულები. ეს რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, დაველოდებით ოფიციალურ განმარტებებს და ინფორმაციას, გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, ამიტომ, სამწუხაროა, ასეთი ფაქტები რომ ხდება,“ - განაცხადა პრემიერმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ რევოლუციისთვის NGO-ებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ამერიკის განვითარების სააგენტოს მოწვევით თბილისში ჩამოსული ტრენერები ამზადებენ. საუბარია, სერბეთის მოქალაქეებზე. უწყების ცნობით, ტრენინგის მონაწილეებს ასწავლეს როგორ იმოქმედონ ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორ მოაწყონ პიკეტები, საცობები, დესტრუქცია და როგორ ჩამოშალონ ხელისუფლება.
სუს-მა გაავრცელა ფარული კამერით გადაღებული ჩანაწერი, რომელიც დამონტაჟებულია. მას დაახლოებით ოცი ჭრა აქვს. მასალაში ისმის რომ სერბეთის მოქალაქეები საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ.