პრემიერმა აშშ-ზე იერიში იერიში მიიტანა - ვის გულისხმობს "მტრულ ძალებში" ღარიბაშვილი?

02.10.23 14:14
პრემიერმა აშშ-ზე იერიში  იერიში მიიტანა - ვის გულისხმობს "მტრულ ძალებში" ღარიბაშვილი?

"ყველა იქნება უმკაცრესად დასჯილი"- აშშ-ზე იერიში პრემიერმა ღარიბაშვილმაც მიიტანა. მთავრობის მეთაური სუს-ის ბრიფინგს გამოეხმაურა და "გადატრიალებაზე" საუბრისას  შეთქმულების თეორია კიდევ ერთხელ გაავრცელა. 

 "მტრული ძალები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ" ამბობს პრემიერი და აკეთებს მინიშნებას, რომ "გადატრიალების" გეგმებში USAID არის ჩართული.

მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ეს ადამიანები, როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალები, ასევე მათი მხარდამჭერები საზღვრებს გარეთ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში"- თქვა ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, მათ საზოგადოებას გაუმხილეს, რა გეგმა ჰქონდათ "დესტრუქციულ ძალებს. 

საზოგადოებამ დღეს დილით მოისმინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მზადდება არეულობა ქვეყანაში. იცით, რომ ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვაცნობეთ საზოგადოებას ამის თაობაზე და გავუმხილეთ ის გეგმები და ჩანაფიქრები, რომლებიც აქვთ ჩვენს დესტრუქციულ, ქვეყნის შიგნით მოქმედ ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, რომლებსაც აქვთ დახმარება საზღვრებს გარეთ. ნახეთ, რომ მათაც აქტიური ჩართულობა აქვთ უცხო ქვეყნებიდან. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეების ჩამოდიან ქვეყანაში, მართავენ აქ ტრენინგებს. ეს ყველაფერი შენიღბულია იმით, თითქოს ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უტარებენ ტრენინგებს. ამ დროს პირდაპირ მიდის მოწოდება და ტრენინგები თუ როგორ უნდა მოაწყონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ამ ხალხმა ალბათ ვერაფერი ისწავლა ან ანალიზს ვერ აკეთებენ. ფაქტია, უკვე ამდენი წელი გავიდა და ისევ ჩარჩენილები არიან წარსულში".

ახლა არის 2023 წელი და ჩვენ ხელისუფლებაში ვართ 11 წელზე მეტია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული, რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობასა და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო დღეს არის ძლიერი და მტკიცედ დგას თავის სიმაღლეზე"- დასძინა ღარიბაშვილმა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ რევოლუციისთვის NGO-ებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ამერიკის განვითარების სააგენტოს მოწვევით თბილისში ჩამოსული ტრენერები ამზადებენ. საუბარია, სერბეთის მოქალაქეებზე. უწყების ცნობით, ტრენინგის მონაწილეებს ასწავლეს როგორ იმოქმედონ ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორ მოაწყონ პიკეტები,  საცობები,  დესტრუქცია და როგორ ჩამოშალონ ხელისუფლება.

სუს-მა გაავრცელა ფარული კამერით გადაღებული ჩანაწერი, რომელიც დამონტაჟებულია. მას დაახლოებით ოცი ჭრა აქვს.  მასალაში ისმის რომ სერბეთის მოქალაქეები საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ.

მსგავსი სიახლეები