დავასრულეთ "გირჩის" მავნებლობა - პრემიერი თავდაცვის ახალი კოდექსით კმაყოფილია

02.10.23 14:35
დავასრულეთ "გირჩის" მავნებლობა - პრემიერი თავდაცვის ახალი კოდექსით კმაყოფილია

"ამით დავასრულეთ, აი, ეს "გირჩის" მავნებლობა" - ​პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის მიერ თავდაცვის კოდექსის მიღებით კმაყოფილია.

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ამით კოდექსის მიღებით "მავნებლური "გირჩის" ინიციატივა" დაასრულეს, რომლითაც "ბევრი ახალგაზრდა იქნა შეცდენილი."

მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის კოდექსი, რომელიც ბევრ საკითხს აწესრიგებს. პირველი მინდა გამოვყო, მავნებლური "გირჩის" ინიციატივა, რომლის შედეგადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნა შეცდენილი და არასწორ გზაზე იქნა დაყენებული. ჩვენ ამით დავასრულეთ, აი, ეს "გირჩის" მავნებლობა. ეს ერთი საკითხი მინდა გამოვყო. ასევე, აქ მთელი რიგი საკითხები მოწესრიგდა და მთელი რიგი გარანტიები ჩაიდო, როგორც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე, ზოგადად, წვევამდელებისთვისაც", - თქვა ღარიბაშვილმა. 

თავდაცვის ახალი კოდექსით, ახლებურად ყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის თანახმადაც წვევამდელებს სავალდებულო 6,8 და 11-თვიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. მათი გადამზადება თავდაცვის სამინისტროში მოხდება.

ამავე კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მართლმადიდებლური სასულიერო პირების გარდა ყველა სხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაიწვევენ. მათ შორის, გაწვევისგან თავის არიდება არ შეეძლებათ "გირჩის" მიერ დაარსებული "ბიბლიური თავისუფლების" მოწმობის მფლობელებსაც. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი კი 5 ათასი ლარი იქნება.

 

მსგავსი სიახლეები