არავის გამოუვა ის, რომ ქვეყანაში რევოლუცია, დაპირისპირება, სისხლისღვრა შემოიტანოს და ხელისუფლება ბინძური მეთოდებით დაამხოს - კალაძე
"არავის გამოუვა ის, რომ ქვეყანაში რევოლუცია, დაპირისპირება, სისხლისღვრა შემოიტანოს და ხელისუფლება ბინძური მეთოდებით დაამხოს," - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე მანიფესტაციის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.
კალაძე ამტკიცებს, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა საჭირო იმიტომ გახდა, რომ „კარვებში, იარაღისა და ასაფეთქებელი მასალების შეტანა იგეგმება“.
რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ახსნა- განმარტებები გაკეთდა, თუ რატომ ხდება აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის გამოუვა ის, რომ ქვეყანაში რევოლუცია, დაპირისპირება, სისხლისღვრა შემოიტანოს და ხელისუფლება ბინძური მეთოდებით დაამხოს. არავის გამოუვა! სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე იქნება, ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ჩვენ დავიცავთ მოსახლეობას. იგივე თუნდაც მანიფესტანტების ინტერესს, მათ უსაფრთხოებას, ყველაფერი დაცული იქნება. რატომ კეთდება აღნიშნულ კანონპროექტში ცვლილები იცით, ამასთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში თითოეული ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული.
დაჩქარებული წესით განხილვა იმიტომ გახდა საჭირო, რომ რადიკალური ოპოზიციური წარმომადგენლების მხრიდან, ვინც გადატრიალებას, არეულობას თავიანთი უცხოელი აქტორების ჩართულობით გეგმავს, არეულობები და მიზნობრივი პროვოკაციები იგეგმება. ასევე იგეგმება, კონკრეტულად კარვებში, იქნება ეს იარაღისა თუ ასაფეთქებელი მასალების შეტანა. მაგრამ არავის არაფერი არ გამოგივათ, ქვეყანაში მშვიდობა იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა კალაძემ.
"ქართული ოცნების" მიერ მანიფესტაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების დაჩქარებულ რეჟიმში წაყვანა სუს-ის მხრიდან ე.წ. გადატრიალების საქმის დაწყებას მოჰყვა.