კონსტიტუციას ე.წ. მეგობრების მხრიდან წახალისებით არღვევს - კალაძე პრეზიდენტს ქვეყნის "მტრებთან" ალიანსში ადანაშაულებს
პრეზიდენტი კონსტიტუციას მიზანმიმართულად არღვევს, რაშიც ე.წ. მეგობრები, ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენელი უწყობს ხელს" - განცხადება ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, პრეზიდენტის ქმედებები მოქალაქეების უპატივცემულობაა. გარდა ამისა, "ოცნების" გენერალური მდივანი ამბობს, რომ ე.წ. მეგობრები ქვეყნის მტრები არიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.
შემაშფოთებელია, ის რასაც პრეზიდენტი აკეთებს. ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უპატივცემულობაა. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, თავადვე არღვევს მას, თან მიზანმიმართულად. შეუძლებელია კონსტიტუციის დარღვევა საპირწონე იყოს ევროპული მომავლის და ევროინტეგრაციის. ამ ყველაფრის წახალისება ხდება ე.წ მეგობრების მხრიდან, უცხოეთიდან. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები. ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ყველას ვეტყვი, საქართველო შემდგარი, სუვერენული სახელმწიფოა. დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესს და არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ, შემდეგ ეს ქვეყანა საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ", - ამბობს კახა კალაძე.
კახა კალაძე კრიტიკულად და სამარცხვინოდ აფასებს ოპოზიციას და ამბობს, რომ ისინი პარალელს ავლებენ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევასა და ევროინტეგრაციის პროცესს შორის.
"გამოდიან რადიკალები - ადგილობრივი ოპოზიცია და გარეთ მათი მხარდამჭერები, ზოგიერთი ევროპარლამენტის წარმომადგენელი და სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ. პარალელს ავლებენ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევასა და ევროინტეგრაციის პროცესს შორის", - თქვა მან.