3 500 ლარი დაზარალებულ მევენახეებს - "ენმ" პრემიერისგან განმარტებებს ითხოვს, ვის შეეხება კომპენსაცია
"ენმ" პრემიერისგან განმარტებებს ითხოვს, თუ ვის შეეხება 3 500 ლარის დახმარების სახით გამოყოფა, მხოლოდ სეტყვისგან დაზარალებულებს, თუ ასევე უხვი ნალექისგან განადგურებულ ადამიანებს. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა საგანგებო ბრიფინგზე გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი ბოტკოველის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან უნდა მოხდეს განმარტება, თუ როგორ წარიმართება პროცესი, როგორ აღწერენ ვენახებს და როგორ მოხდება დაზარალებულებისთვის ანაზღაურება.
დღეს მთავრობის სხდომიდან ე.წ. პრემიერ მინისტრის მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, რომ კახეთში დაზიანებულ ვენახებში ერთ ჰექტარ ვენახზე სახელმწიფო გადაიხდის 3 500 ლარს, დიახ, სწორედ ამას ვითხოვდით ჩვენ. სახელმწიფო ბიუჯეტი ეკუთვნის ქართველ ხალხს და სწორედ ასეთ შემთხვევებში ბიუჯეტიდან უნდა გამოინახოს სახსრები, რათა დაზარალებული, გაუბედურებული მოსახლეობის დახმარება მოხდეს, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ვითხოვთ, კონკრეტულ განმარტებებს, თუ როგორ მოხდება ეს პროცესი. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ სეტყვისგან დაზარალებულებს, თუ ეს ეხება ასევე უხვი ნალექისგან დაზარალებულ ადამიანებს. ამიტომ სასწრაფოდ მოვითხოვთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ამ ყველაფრის განმარტება, თუ როგორ წარიმართება პროცესი, როგორ აღიწერება შესაბამისი ვენახები და როგორ მოხდება ამ თანხების ანაზღაურება და მთავარი არის ერთი რამე, ჩვენ, თქვენ, მოსახლეობა ერთ რამეში უნდა დავრწმუნდეთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და პირველ რიგში, ეს არის რა თქმა უნდა თქვენი გამარჯვება და თქვენი დახმარება, რომელიც არის შეიძლება მიზერული, მაგრამ ამ ეტაპზე ეს იქნება დიდი შვება თითოეული თქვენგანისთვის", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველი.
შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო დაზარალებულ მევენახეებს დაზიანებულ 1 ჰექტარზე დახმარების სახით 3 500 ლარს გამოუყოფს. ასევე, ამ ეტაპზე სახელმწიფოს 20 მლნ ლარის ღირებულების დაზიანებული, დასეტყვილი ყურძენი უკვე ჩაბარებული აქვს.