ვეუბნებით ყველას, პასუხი იქნება მკაცრი - წულუკიანი USAID-ისგან განმარტებებს ითხოვს

02.10.23 15:47
ვეუბნებით ყველას, პასუხი იქნება მკაცრი - წულუკიანი USAID-ისგან განმარტებებს ითხოვს

ღია შეტევა პარტნიორებზე - ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებზე იერიში კულტურის მინისტრმაც მიიტანა. 

"როგორ ხდება, რომ USAID-დაფინანსებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტს ჩამოჰყავს ის პირები, რომლებიც ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციის დაგეგმვაში იღებდა მონაწილეობას" - თქვა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

„აქ არ არის მორყეული სახელმწიფო და მორყეული ხელისუფლება“ - ამბობს წულუკიანი. 

კარგია, რომ გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს და ჩვენ ახლა უნდა დავსვათ კონკრეტული კითხვები საზოგადოების სახელით, მთავრობის სახელით და ჩვენი სახელმწიფო ინტერესის სახელით. როგორ ხდება, რომ USAID-დაფინანსებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტს ჩამოჰყავს ის პირები, რომლებიც ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციის დაგეგმვაში იღებდა მონაწილეობას, ის პირები, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში, სერბეთში, ქართული "კმარას" ანალოგს ხელმძღვანელობდნენ და რისთვის არის ამერიკელი გადასახადის გადამხდელი მოქალაქეების ფული დახარჯული ჩვენს ქვეყანაში. 

ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელიც ვერანაირ არეულობას ვერ შეიწყნარებს. არეულობის მცდელობა მიმართულია იქითკენ, რომ კიდევ სულ მცირე 50 წელი დაკარგოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ ახალგაზრდებს აერიოთ ის ცხოვრება, რასაც ცდილობენ, რომ დაალაგონ და ჰქონდეთ უკეთესი მომავალი. ამიტომ სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ ყველას, ვეუბნებით ყველას, რომ მკაცრი პასუხი გაეცემა ყველას"- თქვა წულუკიანმა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ რევოლუციისთვის NGO-ებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ამერიკის განვითარების სააგენტოს მოწვევით თბილისში ჩამოსული ტრენერები ამზადებენ. საუბარია, სერბეთის მოქალაქეებზე. უწყების ცნობით, ტრენინგის მონაწილეებს ასწავლეს როგორ იმოქმედონ ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორ მოაწყონ პიკეტები,  საცობები,  დესტრუქცია და როგორ ჩამოშალონ ხელისუფლება.

სუს-მა გაავრცელა ფარული კამერით გადაღებული ჩანაწერი, რომელიც დამონტაჟებულია. მას დაახლოებით ოცი ჭრა აქვს.  მასალაში ისმის რომ სერბეთის მოქალაქეები საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ.

მსგავსი სიახლეები