ზეწოლა და მუქარა - CANVAS საქართველო სუს-ის ბრალდებებს პასუხობს
სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ბრალდებებს ორგანიზაცია CANVAS საქართველო პასუხობს. ორგანიზაცია სუს-ს ზეწოლაში ადანაშაულებს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სუს-ის ბრალდებებამდე იყო შემთხვევები, როცა თანამდებობის პირებმა მუქარის შემცველი კომენტარები გააკეთეს მათი დირექტორის მისამართით.
"კანვასს" განცხადებაში ქრონოლოგიურად წერენ იმ მუქარებზე, რასაც ორგანიზაცია და მათი დირექტორი გიორგი მელაძე თებერვლის შემდეგ იღებენ.
CANVAS საქართველო ასევე მიმართავს და მოუწოდებს საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს მათზე ზეწოლით დაინტერესებისკენ.
სამოქალაქო საზოგადოების მიერ “რუსული კანონის” წინააღმდეგ თებერალ – მარტში წარმატებით წარმოებული კამპანიის საპასუხოდ, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გავრცელდა მუქარა „კანვას – საქართველოს“ დირექტორის, გიორგი მელაძის მიმართ. მას მოიხსენიებდნენ “ექსტრემისტ ლექტორად” და კამპანიის ერთ – ერთ ორგანიზატორად (Kobakhidze, March 14, 2023: https://netgazeti.ge/news/660184/).
მუქარის კამპანია გაგრძელდა სექტემბრის 18 რიცხვში, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმოამდგენელმა საჯარო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია კანვასი მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულ შეთქმულებაში მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით (SSSG Claims of Planned “Destabilization and Civil Unrest”, Sept. 18, 2023: https://civil.ge/archives/559569).
განცხადების გავრცელებიდან ათი დღის შემდეგ, 29 სექტემბერს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა თბილისში ჩამოსული კანვასის წევრები სლობოდან ჯინოვიჩი და სინიშა შიკმანი, ასევე კანვასის ბელგრადის ოფისის თანამშრომელი ელენა ტანჩიჩი. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მათ რამდენიმე საათში საქართველოს ტერიტორია დატოვეს ისე, რომ არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი, რადგან გამოკითხვა გაუთანაბრდა სახელმწიფო საიდუმლოს და მონაწილეებზე გავრცელდა გაუთქმელობის ვალდებულება.
აღნიშნულ შემთხვევებს „კანვას საქართველო“ აფასებს როგორც ზეწოლას როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ის იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ.
მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს და საქართველოში მოქმედ, კერძო და საჯარო რელევანტურ სტრუქტურებთან და ინსტიტუტებთან ურთიერთობისას გაითვალისწინონ ეს თემა, როგორც ერთ – ერთი პრიორიტეტი. მიგვაჩნია, რომ ამგვარი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება დემოკრატიის გაძლიერებით დაინტერესებულ აქტივისტებს საქართველოში," - წერია განცხადებაში.
სუს-ი ისევ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა. ლილუაშვილის უწყება ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს და ირწმუნება, რომ ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები თბილისში ხელისუფლების დამხობის მასტერკლასებს ატარებდნენ.