თქვენ მართლა რევოლუციას თუ ელით, გგონიათ, კარავია თქვენი დამხობის განმსაზღვრელი? - გოცირიძე "ოცნებას"
"თქვენ მართლა რევოლუციას თუ ელით, გგონიათ, რომ კარავი არის თქვენი დამხობის განმსაზღვრელი?"- ამ კითხვით მიმართა „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ "ოცნების" დეპუტატებს.
ბიუროს სხდომაზე, სადაც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედების ინიციატივას განიხილავენ, გოცირიძემ მმართველი გუნდის წევრებს მოუწოდა, რომ კანონპროექტი 12 დეკემბრის შემდეგ განიხილონ.
გინდათ, ეს კანონი? - განვიხილოთ ეს კანონი 12 დეკემბრის შემდეგ. 12 დეკემბრამდე წყდება საქართველოს ისტორიული ბედი. ოქტომბერში იქნება განხილვა, პირველი შეფასება და შემდეგ უკვე მიღებული იქნება გადაწყვეტილება. აქ წერია, რომ თუ კარავს დადგამ, ჯარიმდები 5 ათას ლარამდე, ან გაპატიმრებენ 15 დღით. თქვენ მართლა რევოლუციას თუ ელით, გგონიათ, რომ კარავი არის თქვენი დამხობის განმსაზღვრელი?" - განაცხადა გოცირიძემ.
გოცირიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა:
ჩვენ ისიც არ გვეგონა, კონტეინერები გამოიყენება რევოლუციებისთვის, მაგრამ, ფაქტის წინაშე დავდექით, რომ კონტეინერებით აწყობდნენ რევოლუციას“.
ბიუროს გადაწყვეტილებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც აქციებზე კონსტრუქციების განთავსებაზე ამკრძალავი ნორმების დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს.
“ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: - საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.