პრეზიდენტი სახელმწიფოს ინტერესებს დიდი ხანია, არ იცავს, არ მუშაობს ევროპული მომავლისთვის - წულუკიანი

02.10.23 16:02
პრეზიდენტი სახელმწიფოს ინტერესებს დიდი ხანია, არ იცავს, არ მუშაობს ევროპული მომავლისთვის - წულუკიანი

"საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოს ინტერესებს დიდი ხანია, არ იცავს, ის არ მუშაობს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის," - ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა. 

წულუკიანი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება გაამართლა. მინისტრი პრეზიდენტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ზურაბიშვილს "ჰგონია, რომ თავისი კონკრეტული, ინდივიდუალური აზრები საერთაშორისო ასპარეზზეა გამოსაფენი".

მან როდესაც მოგვმართა ნებართვით, მიიღო უარი და მთავრობამ არ გასცა ნებართვა საერთაშორისო ვიზიტების განხორციელებაზე. ეს სწორედ ამის გამო იყო – ჩვენ ხშირად მოვისმინეთ, რომ პრეზიდენტის აზრით, თურმე ჩვენი ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებს. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ამას ამბობს, მას არ აქვს ან არ სურს, ჰქონდეს წარმოდგენა, რას აკეთებს მთავრობა. არ სურს, ჰქონდეს წარმოდგენა, რამხელა შრომა გასწიეს საკანონმდებლო ორგანომ და საპარლამენტო უმრავლესობამ. არც ეს უნდა, რომ იცოდეს. პრეზიდენტს ჰგონია, რომ თავისი კონკრეტული, ინდივიდუალური აზრები საერთაშორისო ასპარეზზეა გამოსაფენი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის შეურაცხმყოფელი ლექსიკით მოხსენიებას გრიგორი კარასინის მხრიდან, წულუკიანი ამბობს, რომ მისი მხრიდან მსგავსი შეფასებები მიუღებელია. თუმცა, აქვე მინისტრი აცხადებს, რომ თვითონ შეიძლება უფრო კრიტიკულად აფასებდეს პრეზიდენტს. 

რაც შეეხება კარასინის განცხადებას, ღიად უნდა გითხრათ, რომ პირადად არ მომისმენია, ამიტომ იმის მიხედვით გპასუხობთ, რაც თქვენ მითხარით და იმედი მაქვს, ეს სწორად არის გადმოცემული და მან ასე თქვა. მან თუ ეს ნამდვილად ასე თქვა, ჩემი პასუხი შემდეგია, რომ მე შეიძლება, უფრო მეტსაც ვფიქრობდე საქართველოს პრეზიდენტზე, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნის და სახელმწიფოს წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ასე ახასიათებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მსგავსი სიახლეები