კარვების გაშლა აიკრძალება - დაჩქარებული ცვლილებებისთვის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა დღესვე ჩატარდება
კარვების გაშლა აიკრძალება - პარლამენტმა კანონპროექტზე მსჯელობა დაჩქარებული წესით დღეიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც აქციებზე კონსტრუქციების განთავსებაზე ამკრძალავი ნორმების დაწესებას ითვალისწინებს, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს.
ბიუროს სხდომის შემდეგ დღესვე უკვე დაინიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა.
დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, ირაკლი ბერაიას, გივი მიქანაძის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, თენგიზ შარმანაშვილისა და ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/358; 27.09.2023);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - გივი მიქანაძე," - წერია პარლამენტის ანონსში.