აშშ-ს პასუხი "ოცნებას" - "ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია"
ამერიკის შეერთებული შტატები "ქართულ ოცნებას" პასუხობს - აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ მათი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ს დახმარების მიზნებს.
„USAID-ი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს. როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს.
მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ, ორივე ქვეყანა ვიზიარებთ. ორ წელზე მეტია, USAID-ი თანამშრომლობს CANVAS-თან, რომ დაეხმაროს ადამიანებს ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომელიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას.
მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ რევოლუციისთვის NGO-ებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ამერიკის განვითარების სააგენტოს მოწვევით თბილისში ჩამოსული ტრენერები ამზადებენ. საუბარია, სერბეთის მოქალაქეებზე. უწყების ცნობით, ტრენინგის მონაწილეებს ასწავლეს როგორ იმოქმედონ ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორ მოაწყონ პიკეტები, საცობები, დესტრუქცია და როგორ ჩამოშალონ ხელისუფლება.
სუს-მა გაავრცელა ფარული კამერით გადაღებული ჩანაწერი, რომელიც დამონტაჟებულია. მას დაახლოებით ოცი ჭრა აქვს. მასალაში ისმის რომ სერბეთის მოქალაქეები საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ.