სამოქალაქო სექტორზე თავდასხმა, მანიფესტაციების შეფერხება, ევროინტეგრაციის ხელშეშლა - DRI სუს-ზე

02.10.23 17:42
სამოქალაქო სექტორზე თავდასხმა, მანიფესტაციების შეფერხება, ევროინტეგრაციის ხელშეშლა - DRI სუს-ზე

სუს-ის განცხადება სამოქალაქო სექტორზე თავდასხმის მორიგი მცდელობაა - ამ განცხადებას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.

DRI სუს-ში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება, სადაც უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ქვეყანაში გადატრიალება იგეგმებოდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, სუს-ის ეს განცხადება ემსახურება რამდენიმე მიზანს, მათ შორის, საპროტესტო მუხტის ჩაცხრობას, ასევე საზოგადოების შემზადებას "აქციების ძალადობრივად დარბევისა და აქციების მონაწილეთა დაკავების შემთხვევებისთვის".

DRI ასევე ეხმაურება „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის გამკაცრებას და ფორსირებულ რეჟიმში ცვლილებების შეტანას. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, დროებითი კონსტრუქციების მოწყობის შეზღუდვით ხელისუფლება ზღუდავს მანიფესტაციების ჩატარებას. 

DRI მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკა და დასავლელ პარტნიორებზე მიზანმიმართული შეტევა ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

მსგავსი განცხადებებით, შესაბამისის უწყებები ცდილობენ შექმნან საფუძველი მომავალში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საპროტესტო შეკრება-მანიფესტაციების თავიდან ასარიდებლად. გარდა ამისა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობის შესახებ განცხადებების წინმსწრებად გავრცელებით, მმართველი პარტია ცდილობს საზოგადოებრივი განწყობის შემზადებას აქციების ძალადობრივად დარბევისა და აქციების მონაწილეთა დაკავების შემთხვევებისთვის.

ხელისუფლების მცდელობა, შეავიწროოს თავისუფალი გამოხატვის სივრცე, კარგად ჩანს მმართველი პარტიის მორიგ ინიციატივაში, კიდევ უფრო დაამძიმოს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები. კანონის პროექტის მიხედვით, დემონსტრანტებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

DRI მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკა და დასავლელ პარტნიორებზე მიზანმიმართული შეტევა ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს: აღრმავებს პოლარიზაციას, უკიდურესად ზღუდავს და მინიმუმამდე დაჰყავს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რესურსი და აუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას"- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები