პრეზიდენტის იმპიჩმენტი - კობახიძის იურისტების ჯგუფში მამუკა მდინარაძე ვერ მოხვდა
16 საათი ისტორიულ პროცესამდე - ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს დღეს ალეგორიებით უხსნიდა, როგორ უნდა დაიცვას თავი, სასამართლო პროცესზე. 16 საათში კობახიძეს ამის თქმა ზურაბიშვილისთვის პირისპირ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე ჩავა.
"ქართული ოცნების" ლიდერი, კიდევ ოთხ თანაგუნდელთან ერთად, მის ისტორიულ პროცესზე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაში ცხრა მოსამართლის დარწმუნებას შეეცდება. კობახიძის იურისტების ჯგუფში ვერ მოხვდა მამუკა მდინარაძე. "ოცნების" ლიდერმა არჩევანი სხვებზე გააკეთა.
ირაკლი კობახიძე, მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი - პარლამენტის 5 დეპუტატი პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ წარდგება.
ხვალ საქართველოს პრეზიდენტს გაასამართლებენ. დაჯდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი კობახიძის პირისპირ მოპასუხის სკამზე, ჯერჯერობით უცნობია.