რუსეთის მსახური ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას ცდილობს - "ლელო" სუს-ის განცხადებაზე

02.10.23 22:06
რუსეთის მსახური ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას ცდილობს - "ლელო" სუს-ის განცხადებაზე

საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიზანია, რომ  ჩვენმა სახელმწიფომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი" - ამის შესახებ "ლელო საქართველოს" საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი. პარტია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანია, საზოგადოება გადატრიალების რევოლუციის და მეორე ფრონტის შესახებ შეთითხნილი ზღაპრებით დააშინოს. 

ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი ამბობს, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ებრძვის სახელმწიფოს ევროპულ ინტეგრაციას. 

განცხადების თანახმად, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მტრული ძალებით გავლენებს უპირისპირდებოდეს, რუსეთის დავალებას ასრულებს. 

საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიზანია, რომ  ჩვენმა სახელმწიფომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. 

დაშინებულ რუსეთის მსახურ ხელისუფლებას კარგად აქვს გააზრებული, რომ ევროპისგან ხელოვნურად დაშორება გამოიწვევს საქართველოს მოსახლეობის 85%-ის პროტესტს. 

პრევენციის მიზნით, ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოების დაშინებას გადატრიალების, რევოლუციის თუ ე. წ. "მეორე ფრონტის" შესახებ შეთითხნილი ზღაპრებით. "სუს"-ის უშედეგო ბრიფინგები ადასტურებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად, სუს-ი საკუთარ  მოსახლეობის მოტყუებითა და შიშის თესვითაა დაკავებული. 

ამ პროცესში, რუსეთის მსახური ხელისუფლება და მასთან დაქვემდებარებული ყველა ინსტიტუტი კიდევ ერთხელ აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ ინტეგრაციას. 

აშკარაა, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, რომელიც მტრული ძალების გავლენებს უნდა უპირისპირდებოდეს, პირიქით რუსეთის დავალებას ასრულებს. დღეს მთელი სახელისუფლო ვერტიკალი მობილიზებულია რუსეთის სანქცირებული აგენტის, ფარცხალაძის და ოკუპანტი ქვეყნის სხვა ჯაშუშების დასაცავად. ამავე დროს, მეორე ხელით იგივე სახელისუფლო ვერტიკალი თავს ესხმის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ახორციელებს მათ მიერ ორგანიზებული დემოკრატიული და უსაფრთხო სემინარების მოსმენებსა და დემონიზებას და მათ უყენებს უსაფუძვლო ბრალს უმძიმეს დანაშაულებში.  

თუკი "ქართულ ოცნებას" სურს ქვეყნის მძიმე პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანა, პროტესტისა და მღელვარების გარეშე გაგრძელება, ისტერიული ზღაპრების შეთხზვის ნაცვლად, დაშინებულმა ხელისუფლებამ სჯობს იმუშავოს ევროპულ ინტეგრაციაზე, სტატუსის მისაღებად შესაბამისი რეფორმების გატარებაზე და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან პოზიტიური დღის წესრიგით  მუშაობაზე. "ლელო" ელოდება კანდიდატის სტატუსის მიღებას - აღნიშნულია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები