ოცნება ფარცხალაძისა და მოსამართლეების სანქცირების გამო, აშშ-ს სამაგიეროს უხდის - ჯაფარიძე
"ოცნება ფარცხალაძისა და მოსამართლეების სანქცირების გამო, აშშ-ს სამაგიეროს უხდის" - ასე ეხმაურება პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე "ქართული ოცნების" მიერ საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაციას.
ჯაფარიძის თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს, საქართველოში რუსული პოლიტიკა გაატაროს.
ძალიან სერიოზული ბრალდება, რომ ბატონი ფარცხალაძე რუსეთთან არის დაკავშირებული, ეს არც კი გამოუძიებიათ და თავს დაესხნენ USAID-ის. სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ რუსული ხაზის გატარებას აქვს ადგილი. ეს არის ამოცანა, რომ დისკრედიტირება მოხდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, რომელიც მომართულია, რომ ჩვენს მოქალაქეებს დაეხმაროს. ოცნება ფარცხალაძისა და მოსამართლეების სანქცირების გამო, აშშ-ს სამაგიეროს უხდის - აღნიშნა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ რევოლუციისთვის NGO-ებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ამერიკის განვითარების სააგენტოს მოწვევით თბილისში ჩამოსული ტრენერები ამზადებენ. საუბარია, სერბეთის მოქალაქეებზე. უწყების ცნობით, ტრენინგის მონაწილეებს ასწავლეს როგორ იმოქმედონ ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორ მოაწყონ პიკეტები, საცობები, დესტრუქცია და როგორ ჩამოშალონ ხელისუფლება. სუს-მა გაავრცელა ფარული კამერით გადაღებული ჩანაწერი, რომელიც დამონტაჟებულია. მას დაახლოებით ოცი ჭრა აქვს. მასალაში ისმის რომ სერბეთის მოქალაქეები საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ.