"ოცნებას" მიტაცებული ხელისუფლება უნდა დავათმობინოთ - ბესელია

02.10.23 23:32
"ოცნებას" მიტაცებული ხელისუფლება უნდა დავათმობინოთ - ბესელია

"ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ 2024 წელს "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში აღარ იქნება. პოლიტიკოსის პროგნოზით, სამართლიანი არჩევნების პირობებში, კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს მიტაცებული ხელისუფლების დათმობა მოუწევს.

ბესელიას განცხადებით, ხალხმა საკუთრება უნდა დაიბრუნოს.

მმართველ პარტიას არ უნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან გამოწვდილი ხელი მიიღოს. წარმოუდგენლად მიმჩნია, მომავალ წელს, სამართლიანი არჩევნების პირობებში, "ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლების შენარჩუნება მოახერხოს. მაშინ ჩვენ ყველა უნდა დავიხოცოთ და არ შემოგვრჩეს წინააღმდეგობის გაწევის უნარი.

აუცილებელია, თითოეულ მოქალაქემ, რომელიც თავის მომავალზეა პასუხისმგებელი, ყველამ უნდა გავიაზროთ და ნაბიჯი გადავდგათ. ეს ნაბიჯი არის 2024 წლის არჩევნები.

ამაში რთული არაფერია, რადგან ყველას კარგად გვახსოვს 2012 წელი, ყველამ გავიარეთ ის რთული პერიოდი. ამ ისტორიის მერე, როგორ უნდა გაგვიჭირდეს ეს ცვლილებები. გაბედული, აქტიური მოქალაქეები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, 2024 წლის არჩევნების დღეს თავისი ქვეყნის მომავალს აირჩევს. 

თავისით არავინ, არაფერს არ თმობს, რაც მიტაცებული აქვთ, ამიტომ ჩვენ უნდა დავათმობინოთ. "ოცნებას" მიტაცებული ხელისუფლება უნდა დავათმობინოთ. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ვალდებულება. მათ ხალხის საკუთრება უნდა დავათმობინოთ. ის ვინც უფრო აძლიერებს მარყუშს, რომელიც დემოკრატიას ახშობს, იმ მარყუშით საკუთარ ძალაუფლებას უფრო ასუსტებს და აჩქარებს მის წასვლას - აღნიშნა ბესელიამ.

ამასთან, ეკა ბესელიას თქმით, კანონის იმ მუხლს, რომელზეც "ქართული ოცნება" აპელირებს და ამბობს, რომ პრეზიდენტი ვალდებული იყო, ყველა ვიზიტი პრემიერ ღარიბაშვილთან შეეთანხმებინა, მმართველი გუნდი არასწორად წარმოადგენს .

როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებს ვიღებდით, ჩემი კომიტეტი იყო წამყვანი. როდესაც მივიღეთ ის ნორმა, რომელსაც პრეზიდენტს ედავებიან, არ ჩაგვიწერია ის, რომ კანონმდებლის მიზანი და ამოცანა პირდაპირი წესით დანიშნული პრეზიდენტისთვის ყველა ვიზიტის დროს სპეციალური თანხმობის აუცილებლობა ყოფილიყო - განაცხადა ბესელიამ. 

მსგავსი სიახლეები