პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია - ვახტანგ ხმალაძე

03.10.23 00:02
პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია - ვახტანგ ხმალაძე

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე "ტვ პირველთან" თამამად ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია არ დაურღვევია.

მისი თქმით, ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრების უფლებამოსილებად განხილვა, რომლის განსახორციელებლად მთავრობის თანხმობაა საჭირო, არაადეკვატურ მიდგომას წარმოადგენს. 

ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, კონსტიტუციის ის ნორმა, რომელსაც პრეზიდენტს ედავებიან, არა გამოყოფილად, არამედ ერთობლიობაში უნდა განიხილებოდეს.

ჩემი აზრით, კონსტიტუცია პრეზიდენტს არ დაურღვევია. როდესაც ვიხილავთ კონსტიტუციის ამა თუ იმ ნორმის შინაარს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ჩვენ ერთ კონკრეტულ მუხლზე ვიმსჯელოთ. კონსტიტუციური ნორმის შეფასებისას, ჩვენ ერთობლიობაში უნდა განვიხილოთ ნორმები. მთავარია, რატომ წერია ესა თუ ის ნორმა, რა არის აქ არსებითი და მნიშვნელოვანი. ფაქტობრივად, არავისთან არ აქვს პრეზიდენტს საუბრის უფლებაც კი, რატომ? - იმიტომ რომ ის არის პრეზიდენტი, რომელსაც უმაღლესს პირად მიიჩნევენ და თურმე, მან ნებართვა უნდა მიიღოს მთავრობისგან. ეს ყოვლად არასწორი მიდგომაა.

კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტს, ამ ნაწილში წერია, რომ პრეზიდენტი საქართველოს წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში. პრეზიდენტი უფლებამოსილია, რომ მთავრობის თანხმობით აწარმოოს მოლაპარაკებები და ა.შ. აი ესენი უნდა გააკეთოს მთავრობის თანხმობით, თუმცა ნებისმიერი შეხვედრა პრეზიდენტისა, არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, რადგან იგი თავისთავში მოიცავს მოქმედებას სახელმწიფოს სახელით, მისი მანდატით.

გამომდინარე იქიდან, რომ საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი და ახორციელებს მთავრობა, პრეზიდენტის მოქმედება, რომელიც საგარეო პოლიტიკის განხორციელებას ემსახურება მთავრობასთან უნდა შეათანხმოს, რადგან გასწი-გაჭიმესავით არ იმოქმედონ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა. ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრები კი არ შეიძლება ისეთ უფლებამოსილებად განვიხილოთ, რომლის განხორციელებისთვის საჭიროა მთავრობის თანხმობა - აღნიშნა ხმალაძემ.

მსგავსი სიახლეები