სუს-ში კრეატიული კრიზისია, მწერალი უნდა აიყვანონ უკეთესი სცენარებისთვის - ხვიჩია
„გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას თქმით, სუს-ში კრეატიული კრიზისია და უწყებას ურჩევს ვინმე მწერალი აიყვანონ უკეთესი სცენარებისთვის.
ხვიჩიას განცხადებით, „ვაჟას ბოლოდან“ ვაშინგტონთან ბრძოლა სასაცილოდ გამოიყურება.
როგორც ხვიჩია აღნიშნავს, ამერიკასთან ბრძოლის გამოცხადება ტრაგიკომედიაა.
„ზოგადად, ვაჟას (ვაჟა - ფშაველას გამზირი) ბოლოდან ვაშინგტონთან ბრძოლა სასაცილოდ გამოიყურება. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ტრაგიკომედია, რომ ამერიკასთან გვაქვს ბრძოლა გამოცხადებული, მე ვერ გეტყვით. უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ იმისთვის, ვისაც ასეთი ჭკვიანური იდეები თავში მოსდის, ეს წესით, კარგად არ უნდა დამთავრდეს. ზოგადად მგონია, რომ სუს-ში ცოტა კრეატიული კრიზისია და მაგათ ვინმე მწერალი ან პოეტი უნდა აიყვანონ შტატში, რომ სცენარები უკეთესად იყოს მოფიქრებული და დამაჯერებლად. მწერლებს ასეთი ნიჭი გააჩნიათ, ბიუროკრატებს ცოტა უჭირთ,“ - განაცხადა ხვიჩიამ.
სუს-ის განცხადებით, Usaid აფინანსებს ტრენინგს, სადაც ტრენერების მიზანია „ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ“.