პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, რომ მოსულიყო - კამათი ტურავასა და პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის
პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, რომ მოსულიყო - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელ მაია კოპალეიშვილს.
"ჩვენს პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, რომ თვითონ შეეძლო მოსულიყო, მაგრამ არ ჩათვალა ეს მიზანშეწონილად.
ჩვენ საოქმო ჩანაწერში, რომელიც პრეზიდენტს გავუგზავნეთ, ჩავწერეთ, რომ წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით ჩატარდება სხდომა და მივუთითეთ, რომ მისი მონაწილეობა დაგვეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში", -განაცხადა ტურავამ.
მერაბ ტურავამ პრეზიდენტის წარმომადგენლებს ჰკითხა, შეხვდნენ თუ არა ისინი პრეზიდენტს სხდომამდე და გაეცნენ თუ არა საქმეს.
მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საპასუხოდ თქვა, რომ "ისინი არსებითი განხილვის ფარგლებში პრეზიდენტის ინტერესებს სრულად წარმოადგენენ".
"საკონსტიტუციო სასამართლომ როდესაც პრეზიდენტს გამოუგზავნა წერილი, ამ წერილში პირდაპირაა მითითებული, რომ პრეზიდენტს შეუძლია ჰყავდეს წარმომადგენელი. ის არის უფლებამოსილი გამოცხადდეს წარმომადგენელთან ერთად, მაგრამ შესაძლოა, ჰყავდეს წარმომადგენელიც, რომელიც იმავდროულად, არ გულისხმობს ასევე პრეზიდენტის ყოფნას სხდომის დარბაზში.
აქედან გამომდინარე, სასამართლოსაც ეს მიზანშეწონილად მიაჩნია და საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებითაც, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნამდვილად არაა აუცილებლობა, დღეს და ხვალ პრეზიდენტის გამოცხადების შესახებ, რამეთუ ჩვენ, მისი წარმომადგენლები სრულად წარმოვადგენთ მის ინტერესებს", - განაცხადა კოპალეიშვილმა.