ეს რომ ლეგიტიმური ვიზიტი ყოფილიყო, პრეზიდენტი ფულს თვითონ არ გადაიხდიდა - კობახიძე
ეს რომ ლეგიტიმური ვიზიტი ყოფილიყო, პრეზიდენტი ფულს თვითონ არ გადაიხდიდა - ასეთია ირაკლი კობახიძის არგუმენტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ცდილობს, დაამტკიცოს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტებით ქვეყნის მთავარი კანონი, კონსტიტუცია დაარღვია.
ძალიან მარტივი კაზუსია - საჭირო იყო ვიზიტზე თანხმობა, ეს თანხმობა არ მიუღია, მაინც წავიდა, დაირღვა კონსტიტუცია. ამასთან, სალომე ზურაბიშვილს სამი სხვადასხვა ფორმით პირდაპირ აქვს აღიარებული, რომ ის არაკონსტიტუციურ ვიზიტებს ახორციელებდა და ეს შეგნებული და გაცნობიერებული ჰქონდა - ამტკიცებს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ-ერთი ავტორი.
ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა ვიზიტებზე ითხოვა თანხმობა, ეს თანხმობა არ მიუღია, თუმცა მაინც განახორციელა ვიზიტი, რითაც დაირღვა კონსტიტუციაა.
გერმანიაში მაქვს დამთავრებული იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრატურა, დოქტორანტურა. ვიცი, როგორაა შედგენილი პირველი კურსის სახელმძღვანელოები, მოცემულია ასეთი კაზუსები, სადაც ასეთ მარტივ თემებზეა საუბარი. საჭირო იყო თანხმობა, არ მიუღია, მაინც წავიდა, დაირღვა კონსტიტუცია - უმარტივესი კაზუსია სინამდვილეში.
პრეზიდენტმა თავადვე აღიარა ვიზიტების არაკონსტიტუციურობა - თავად ითხოვა თანხმობა ვიზიტზე. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ შესაბამისი ვიზიტის განხორციელება საჭიროებდა თანხმობას, შეგნებული ჰქონდა და მას შემდეგ, რაც თანხმობა ვერ მიიღო, მაინც განახორციელა ვიზიტი. მას რომ ჰქონოდა იმის რწმენა, რომ შესაბამის ვიზიტს თანხმობა არ სჭირდებოდა, არც მიმართავდა მთავრობას თანხმობის თხოვნით.
მან მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი ვიზიტები ბიუჯეტიდან არ იყო დაფინანსებული და კერძო თანხებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, რაც მორიგი აღიარებაა. თუ ვიზიტი ლეგიტიმური იყო, რატომ არ დააფინანსა ბიუჯეტიდან? ეს იყო პირდაპირი აღიარება, რომ ვიზიტები იყო არალეგიტიმური და ამიტომ მოუწია მას არა ბიუჯეტის, არამედ საკუთარი ჯიბის ფულის დახარჯვა.
მას რომ ბიუჯეტის ფული დაეხარჯა, ეს კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად, სისხლის სამართლის დანაშაულიც იქნებოდა, რადგან ეს კანონმდებლობით, არამიზნობრივი ხარჯია. როდესაც იმპიჩმენტზეა საუბარი, შესაძლოა, კონკრეტული დეპუტატების იმედი გქონდეს, რომ მხარს არ დაუჭერენ შენს გადაყენებას, მაგრამ თუ დანაშაულს ჩადიხარ, პოლიტიკოსების იმედზე ვერ იქნები. ამიტომ, მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ არალეგიტიმურ ვიზიტში მიდიოდა, ამიტომ არა ბიუჯეტის, არამედ საკუთარი ფული დახარჯა.
რამდენიმე დღის წინ, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა ინტერვიუ, სადაც გააკეთა განცხადებები: ოფიციალურად არ ვარ უფლებამოსილი, ეს ვიზიტი განეხორციელებინა, მაგრამ ვმოქმედებ რწმენით და მიმაჩნია, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. ამაზე მეტი აღიარება არ ვიცი. სახეზე გვაქვს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აღიარებაც, რომ შეგნებულად არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ასევე შეაფასა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ ჩასულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში:
"ჩვენ ვისურვებდით განსხვავებულ დამოკიდებულებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ, რაც იქნებოდა გამოხატული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აქ მობრძანებით", - თქვა მან.
„მე არ მინდა მაინცდამაინც განვავრცო ის დისკუსია, რომელიც წარიმართა პრეზიდენტის მონაწილეობასთან დაკავშირებით, უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩვენ ვისურვებდით განსხვავებულ დამოკიდებულებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ, რაც იქნებოდა გამოხატული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აქ მობრძანებით. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის ჩემი, როგორც იურისტი პოზიცია, როგორც სახელმწიფო თანამდებობის პირის პოზიცია და ამ პოზიციას ვახმოვანებ ხალხის მიერ არჩეული 80 პარლამენტის წევრის სახელით. ეს იქნებოდა სასურველი ევროპული დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ,“ - განაცხადა კობახიძემ.