წარმოიდგინეთ, რომ პრეზიდენტი მიდის სირიაში აღლუმზე დასასწრებად - კობახიძის მორიგი "არგუმენტი"
"წარმოიდგინეთ, რომ პრეზიდენტი მიდის პირობითად, სირიაში, რომელსაც აღიარებული აქვს აფხაზეთი და ე.წ. დამოუკიდებლობა სამხრეთ ოსეთის. მიდის სირიაში აღლუმზე დასასწრებად. ან ნიკარაგუაში, ან რომელიმე ასეთ ქვეყანაში"- ამის შესახებ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ-ერთი ავტორი, ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში საუბრობს.
მისი თქმით, მსგავსი ვიზიტი არ გულისხმობს მოლაპარაკებების წარმოებას, მაგრამ ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი გამოხატავს სახელმწიფოს პოლიტიკურ პოზიციას.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერ ასეთ ვიზიტზე პრეზიდენტმა მიიღოს თანხმობა საქართველოს მთავრობისგან.
ანუ აქ საუბარია არა მხოლოდ ისეთ ვიზიტებზე, სადაც მოლაპარაკებები წარმოებს და დავუშვათ იგივე ხელშეკრულებების დადებაა მიზანი ან კანდიდატის სტატუსის მიღება და ასე შემდეგ. ნებისმიერ ცერემონიულ ღონისძიებაზე დასწრებით საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს საქართველოს სახელმწიფოს პოზიციას და ეს არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, ნებისმიერი ასეთი ვიზიტი.
შესაბამისად, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში არის საჭირო მთავრობის თანხმობა. ეს გაცნობიერებული ჰქონდა პრეზიდენტს და სწორედ ამის გამო მიმართავდა მთავრობას თანხმობის მისაღებად და ნუ, რაღაც მომენტში მან უკვე გადაუხვია ამ პრაქტიკას. უფრო სწორედ არ გადაუხვევია, ითხოვა თანხმობა, ვერ მიიღო თანხმობა და მაინც განახორციელა ვიზიტი.