კიდევ ერთი დიდი ფარსი და შოუა დადგმული საკონსტიტუციოში - ვაშაძე
სანამ ჩვენ აქ ვართ, კიდევ ერთი დიდი ფარსი და შოუა დადგმული საკონსტიტუციოში - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ვაშაძის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო, ევროკავშირთან დაგვაშორებს.
„აი, სანამ ჩვენ აქ ვართ, კიდევ ერთი დიდი ფარსი და შოუა დადგმული ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში. ვის ინტერესებს ემსახურება ეს? კითხვა დავსვათ, ეს ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას? იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც წამოიწყო „ქართულმა ოცნებამ“ ხელს უწყობს დაგვაახლოებს ევროკავშირთან, თუ დაგვაშორებს ევროკავშირთან? ხელს შეუწყობს 27 ქვეყანას, რომ თანხმობა მოგვცეს კანდიდატის სტატუსზე, თუ ხელს შეუშლის? ყველა გვეუბნება, ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ ეს არის ხელისშემშლელი ფაქტორი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯიუტად, ნაცვლად იმისა, რომ აქ, პარლამენტში იყვნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები და ის კანონები მიიღებოდეს დაჩქარებული წესით, რომელიც 12 პუნქტით არის გათვალისწინებული, ყველანი წარმოდგენილები არიან და ამ ფარსში და შოუში მონაწილეობას იღებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს როგორმე იმპიჩმენტი გამოუცხადოს საკონსტიტუციო სასამართლომ. სად არის საქართველოს ევროინტეგრაციაში მიმავალი გზის მხარდაჭერის ინტერესი?" - განაცხადა ვაშაძემ.