იურისტებსაც უჭირთ პრეზიდენტის დაცვა - გიორგი კახიანი
ირაკლი კობახიძის შემდეგ, დეპუტატის, გიორგი კახიანიც ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლების პოზიცია სუსტი იყო.
კახიანის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლები კარგ მდგომარეობაში ვერ აღმოჩნდებიან.
არ მეგონა, თუ პრეზიდენტის წარმომადგენლობას ასეთი სუსტი პოზიცია ექნებოდა. ფაქტობრივად, თავიანთი პოზიციით თავდაყირა დააყენეს კონსტიტუციის სულისკვეთება, კონსტიტუციური მართლწესრიგი. ის სამართლებრივი განმარტებები, რომელიც მათ გააკეთეს, კონკრეტულ კონსტიტუციურ ნორმებთან მიმართებით, არის სრულიად არარელევანტური და ვერანაირად ვერ შეესაბამება კონსტიტუციის სულისკვეთებას. ამიტომ ჩვენ ჩვენს პოზიციებს როცა გაგრძელდება სხდომა იქ დავაფიქსირებთ.
არანაირად არ ვაკნინებ პრეზიდენტის წარმომადგენლების კომპეტენციას, პირიქით, დიდ პატივს ვცემ მათ და არანაირად ეჭვქვეშ არ შეიძლება მათი კომპეტენციის დაყენება.
პრეზიდენტს, ყველა შემთხვევაში, უნდა ჰყოლოდა წარმომადგენელი. იურისტებსაც კი უჭირთ პრეზიდენტის დაცვა. მე არ მეგულება იურისტი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლად ამ შემთხვევას ახსნიდეს“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.