მთავრობის მიერ შემუშავებული დეოლიგარქიზაციის გეგმა ვენეციის კომისიამ არ განიხილა
ვენეციის კომისიამ მთავრობის მიერ შემუშავებული სპეციალური გეგმა დეოლიგარქიზაციის შესახებ არ განიხილა. ინფორმაცია ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დაუდასტურა. პაპუაშვილის თქმით, ვენეციის კომისია ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დასკვნას არ მოამზადებს, რადგანაც ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი ან კანონი.
დეოლიგარქიზაციის შესახებ ახალი დოკუმენტი პრემიერის მითითებით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე ისე დაამტკიცეს, რომ საჭიროდ არ ჩათვალეს განხილვის პროცესში, მედია, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ჩართულიყო. დოკუმენტი მოიცავს 7 სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებს, ასევე - მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს. ირკვევა, რომ მთავრობის მიერ დოკუმენტის მიღების შემდეგ, სამუშაო პროცესი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს.
19 სექტემბერს კი უმრავლესობამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, კენჭისყრაზე ჩააგდო. 12 ივნისს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა და კანონის მიღებას რეკომენდაცია არ გაუწია.