მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრეზიდენტს ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისთვისაც მთავრობის თანხმობა სჭირდება

03.10.23 16:37
მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრეზიდენტს ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისთვისაც მთავრობის თანხმობა სჭირდება

„სატელეფონო საუბარი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებად ფასდება და მასაც უნდა სჭირდებოდეს მთავრობის თანხმობა,“ - ეს განცხადება მთავრობის წარმომადგენელმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმის განხილვისას გააკეთა. ირკვევა, რომ პრეზიდენტს უცხოელ კოლეგებთან სატელეფონო კომუნიკაციაზეც მთავრობის თანხმობა სჭირდება.

მთავრობის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი ახორციელებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ფარგლებს გარეთ, უნდა იყოს შეთანხმებული მთავრობასთან.

საგარეო ურთიერთობებში, როდესაც შეხვედრა ხორციელდება, როგორ შეიძლება კერძო პირის სტატუსით მონაწილეობდეს ან არ წარმოადგენდეს სახელმწიფოს პირი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურია, კონსტიტუციური სტატუსით - გინდაც უცხოეთში, გინდაც ამ ქვეყნად, როდესაც ხვდებიან როგორც სახელმწიფო მეთაურს.

თუ ტელეფონით საუბრობს ოფიციალური თანამდებობის პირთან, ამ შემთხვევაშიც ცხადია, ეს არის მისი მანდატიდან გამომდინარე უცხო სახელმწიფოს შესაბამის წარმომადგენელთან, რომელიც სათანადო მანდატით არის აღჭურვილი კომუნიკაცია. მაგრამ თუ ახლა საუბრობს პირად ნაცნობთან, რომელიც შეიძლება იყოს თანამდებობის პირი, მაგრამ პირად საკითხზე, ეს არ შეიძლება იყოს.

როდესაც ორივე პირი წარმოადგენს კონკრეტულ სტატუსს, კონკრეტულ თანამდებობას, მათ შორის ნებისმიერი კომუნიკაცია ხორციელდება იმ სტატუსიდან გამომდინარე, რომელიც მათ გააჩნიათ და ეს გულისხმობს რასაკვირველია, საგარეო პოლიტიკას,“ - ამბობს მთავრობის წარმომადგენელი მოსამართლის პასუხად.

მსგავსი სიახლეები